logo
ENG



ისრაელის თქმით, უკრაინას შეიარაღებას და საჰაერო თავდაცვის სისტემებს არ გადასცემენ

21 ოქტ 202214:49
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/21/kt0q5tutonwsczl.jpg
Reuters

ისრაელის პრემიერმინისტრმა, იაირ ლაპიდმა განაცხადა, რომ ისრაელი უკრაინას არც შეიარაღებას და არც საჰაერო თავდაცვის სისტემებს არ გადასცემს.

Israel News-თან ინტერვიუში პრემიერმა განაცხადა, რომ ისრაელი მხარს უჭერს უკრაინას და გმობს რუსეთის შეჭრას, თუმცა როგორც ქვეყნის ლიდერი, ის ვალდებულია გაითვალისწინოს "ისრაელის ეროვნული და თავდაცვასთან დაკავშირებული ინტერესები". მისი თქმით, ყველა ქვეყანა ვინც უკრაინას იარაღით ეხმარება ამ გადაწყვეტილებას საკუთარი ქვეყნის თავდაცვითი ინტერესების გათვალისწინებით იღებს და ისიც ამგვარად იქცევა.

„ჩვენ უკრაინას მხარი დავუჭირეთ. პირველები ვიყავით და თუ არ ვცდები, ვრჩებით ერთადერთ ქვეყნად, რომელმაც უკრაინას საველე ჰოსპიტალი გაუგზავნა. ჩვენ გავგზავნეთ და ახლაც ვგზავნით ჰუმანიტარულ დახმარებას უკრაინაში, ჩვენ შევთავაზეთ და კვლავ ვთავაზობთ სამოქალაქო გამაფრთხილებელი სისტემების მიწოდებას. რა თქმა უნდა, ჩვენ გაეროში ხმა მივეცით და დავგმეთ, აბსოლუტურად ერთხმად დავგმეთ როგორც თავად შეჭრა ასევე მკვლელობები ბუჩაში.

მაგრამ მე ისრაელის პრემიერმინისტრი ვარ და ჩემი ვალია გავითვალისწინო ისრაელის ეროვნული და თავდაცვასთან დაკავშირებული ინტერესები. ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებია გადასაჭრელი. არ მჯერა კომპლექსურ კითხვებზე მარტივი პასუხების. არც ამერიკელებს და არც ბრიტანელებს, ვინც უკრაინას იარაღს აწვდიან არ გაუგზავნიათ საკუთარი საჰაერო თავდაცვა რუსული ტანკების კოლონის დასაბომბად. ყველა ითვალისწინებს საკუთარ თავდაცვით ინტერესებს და მეც ზუსტად ასე ვიქცევი“ - განაცხადა ლაპიდმა.

გარდა ამისა, კითხვაზე რა პრობლემას შეიძლება წარმოადგენდეს უკრაინისთვის "რკინის გუმბათის" საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემა ისრაელის პრემიერის თქმით, ეს "საზღვრის გადაკვეთა იქნება", რაც მას ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინტერესებიდან გამომდინარე არასწორად მიაჩნია.

„ეს არის ერთგვარი საზღვრის კვეთა, კვეთა რაც ბევრი მიზეზის გამო მე არასწორად მეჩვენება. მე ვსაუბრობ იმ არგუმენტების სერიაზე, რაც ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვისაა მნიშვნელოვანი. დეტალებზე არ ვისაუბრებ, მაგრამ ასეთი პოლიტიკა მე სწორად მიმაჩნია. ეს არ აუქმებს უკრაინის მხარდაჭერისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპისადმი ჩვენს ერთგულებას“ - განაცხადა ისრაელის პრემიერმა.

20 ოქტომბერს უკრაინის მთავრობამ ებრაულ ორგანიზაციებს მიმართა, დაეხმარონ უკრაინას ისრაელისგან თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემების მიღებაში.

ისრაელს აქვს უკრაინაში სამხედრო აღჭურვილობის არ გაგზავნის პოლიტიკა, მაგრამ 16 ოქტომბერს, დიასპორის საკითხებში ისრაელის სახელმწიფო მინისტრი ნახმან შაი გამოვიდა ინიციატივით, რომ ოფიციალურმა თელ-ავივმა უკრაინას სამხედრო დახმარება აღმოუჩინოს.

ისრაელს აქვს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი საჰაერო თავდაცვის სისტემა, მათ შორის ზოგიერთი შემუშავებული ირანული ბალისტიკური რაკეტებისა და შორი დისტანციური თვითმფრინავების დასაძლევად.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისმა განაცხადა, რომ ოფისის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი ესაუბრა "წამყვანი ებრაული ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რა დროსაც მან ხაზი გაუსვა ჩვენი სახელმწიფოს თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების მნიშვნელობას, რომლებიც ისრაელს გააჩნია."


close დახურვა