ისრაელი ღაზის მშვიდობიან მოსახლეობას ჩრდილოეთიდან სამხრეთით გადასვლისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა.
მისი თქმით, სამხედროები ჰამასთან ბრძოლის შემდეგ ეტაპზე გადადიან და სამხედრო ოპერაციებს აფართოებენ.
"ღაზის მშვიდობიანი მოსახლეობა დროებით ჩრდილოეთ ნაწილიდან სამხრეთით უნდა გადავიდეს - შედარებით უსაფრთხო ზონაში, სადაც მათ წყლის, საკვებისა და მედიკამენტების მიღება შეეძლებათ.
ამასთან, ხვალ ღაზის მიმართულებით ჰუმანიტარული დახმარება ეგვიპტისა და აშშ-ის ხელმძღვანელობით გაფართოვდება", - ამბობს ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი.
7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.
გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.
ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს.
ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.