logo
ENG



ისრაელსა და ჰამასს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება შედგა

23 ნოე 202319:10
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/23/mh9jrghy771quqo.jpeg

საზავო შეთანხმება ისრაელსა და ჰამასს შორის პარასკევს, ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე ამოქმედდება, ხოლო მძევლების გათავისუფლების პროცესი საღამოს 4 საათზე დაიწყება. ინფორმაცია ამის შესახებ კატარის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა.

კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მაჯედ ალ-ანსარის განცხადებით, ხვალ ცამეტი ქალი და ბავშვი გათავისუფდება.

კატარი ირწმუნება, მძევლების სია, რომლებიც ხვალ უნდა გათავისუფლდნენ, ჰამასმა უკვე გადასცა ისრაელის სადაზვერვო სამსახურს „მოსადს“. მოლაპარაკებები ყველა შუამავალ მხარეს შორის დღეს დილამდე გრძელდებოდა.

მარშრუტი, რომელსაც მძევლები გაივლიან, უსაფრთხოების მიზეზების გამო არ მჟღავნდება.

***

თავდაპირველად, ცნობა ჰამასსა და ისრაელს შორის სავარაუდო შეთანხმების შესახებ 21 ნოემბერს გავრცელდა. გავრცელებული ინფორმაციით, იგეგმება, რომ ჰამასი 50 მძევალს, ძირითადად, ბავშვებს და ქალებს გაათავისუფლებს, 150 პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ.

7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.  

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს. 

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.


close დახურვა