ისრაელში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. გადაწყვეტილება ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა მიიღო.
როგორც Times of Israel წერს, საგანგებო მდგომარეობა სამხედროებს საშუალებას აძლევს შიდა ფრონტის სარდლობას შეუზღუდოს შეკრებები და ცხელ წერტილთან ახლოს მდებარე ტერიტორიები დახუროს.
მანამდე, მინისტრის განკარგულებით საგანგებო მდგომარეობა ღაზას სექტორიდან 80 კილომეტრის მანძილზე მოქმედებდა.
***
ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა დღეს, გამთენიისას გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო - ისინი აცხადებენ, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა ისროლეს.
გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.
ისრაელის შეიარაღებული ძალების ცნობით, ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმებს ახორციელებენ - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს.
ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ქვეყანა ომშია. ამის შესახებ მან ვიდეომიმართვაში ისაუბრა და თქვა, რომ ისრაელი ამ "ომს მოიგებს".