logo
ENG



იტალიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეს კორონავირუსი დაუდგინდა

04 მარ 202016:59
3 წუთის საკითხავი
 

პრემიერ მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მორიგი სხდომა გამართა. როგორც სხდომაზე გახდა ცნობილი, იტალიაში საქართველოს მოქალაქეს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაცია სხდომას საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მიაწოდა.

ზალკალიანის თქმით, იტალიაში საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზზე დაუკავშირდა იტალიის ქალაქ ვიტერბოში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე ქალი, რომელმაც განაცხადა, რომ აღენიშნებოდა მაღალი სიცხე და სისუსტე. საქართველოს საკონსულო მყისიერად დაუკავშირდა იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს, რის შემდეგაც მოქალაქე სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა რომის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანა. საქართველოს მოქალაქეს ჩაუტარდა გამოკვლევა ახალ კორონავირუსზე და დღეს მიღებული პასუხების შედეგად, ქალს დაუდგინდა კორონავირუსი. მოქალაქე რომის კლინიკაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება და შესაბამისი მკურნალობა უტარდება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის დამაკმაყოფილებელია. მინისტრის განცხადებით, საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში მუდმივ კავშირზეა როგორც თავად პაციენტთან, ასევე მისი ოჯახის წევრებთან და კლინიკის ხელმძღვანელობასთან.

გარდა ამისა, საბჭოს სხდომაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ ახალი კორონავირუსით ინფიცირებული სამი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურია, მათ რაიმე გართულებები არ აღენიშნებათ.

მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს მიაწოდა ინფორმაცია, რომ ამ ეტაპზე კარანტინში ისევ 100-ზე მეტი ადამიანი რჩება. მინისტრისგან უწყებათაშორისმა საბჭომ მოისმინა ინფორმაცია ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გაცემული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე, რაც მათ შორის გულისხმობს მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა დანიშნულების დაწესებულებაში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებას და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხალხმრავალი ღონისძიებების გაუქმებას. როგორც ცნობილია, აღნიშნული ასევე მოიცავს დახურულ სივრცეში დაგეგმილი კულტურული და სპორტული ღონისძიებების დროებით გადადებას.

დღევანდელ სხდომაზე კვლავ აღინიშნა, რომ ქვეყანაში პანიკის საფუძველი არ არსებობს და მთავრობა სრულად მართავს პროცესს.


close დახურვა