იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 30 ივნისის ბრძანებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია შეიქმნა.
როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, კომისიის მიზანი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს საჯარო მოსამსახურეების მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენცია, გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირება და ამ გზით თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნაა. ბრძანება იუსტიციის მინისტრმა გამოსცა და ძალაში ის დღეს შევიდა.
„კომისია შეიმუშავებს რეკომენდაციებს, რათა თავიდან იქნეს აცილებული საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა საჯარო მოსამსახურეების, ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან. ამისათვის კომისია შეისწავლის როგორც მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, ისე იმ განცხადებებს, რომლებსაც კომისიას შესაძლო დარღვევების შესახებ პოლიტიკური გაერთიანებები ან დამკვირვებელი ორგანიზაციები მიაწვდიან.
უწყებათაშორისი კომისია ითანამშრომლებს საარჩევნო პროცესში ჩართულ პოლიტიკურ პარტიებსა და ბლოკებთან, ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დამკვირვებლებთან; კომისია შეიკრიბება ორ კვირაში ერთხელ, ხოლო საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის ვადის ამოწურვის შემდეგ − არანაკლებ კვირაში ერთხელ.
სამუშაო პროცესში მონაწილეობას მიიღებენ კომისიის წევრები (საქართველოს შინაგან საქმეთა; საგარეო საქმეთა; ფინანსთა; თავდაცვის; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის; განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრების წარმომადგენლები; აგრეთვე, უწყების წარმომადგენელი გენერალური პროკურატურიდან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან), კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების, სხვა პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების, ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები“, - ნათქვამია განცხადებაში.
პარლამენტმა მესამე მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღო. ცვლილებების თანახმად, არჩევნები მანდატების 120/30 გადანაწილებით ჩატარდება, ხოლო ბარიერი 1%-იანი იქნება. ასევე გათვალიწინებულია ე.წ. "ჩამკეტი", რაც იმას ნიშნავს, რომ 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე პარტია ან ბლოკი მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ვერ შეძლებს.