logo
ENG



კალანდიას ადვოკატი ზაზა სარალიძეს ირაკლი შოთაძესთან გარიგებაში ადანაშაულებს

21 ივლ 202012:24
3 წუთის საკითხავი
clock 790

მიხეილ კალანდიას ადვოკატი ზაზა სარალიძეს და ირაკლი შოთაძეს გარიგებაში ადანაშაულებს. ზურაბ თოდუას განცხადებით, გუშინ სააპელაციო სასამართლოში შეხვედრა შედგა, პროკურატურისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს შორის. მისივე თქმით, მათ მოახდინეს ზეწოლა მოსამართლეზე, რათა ძალაში დაეტოვებინა გადაწყვეტილება, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო.

მისივე მტკიცებით, გარიგება მოხდა ზაზა სარალიძესა და მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძეს შორის, რომლის დროსაც მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე მოურიგდა ზაზა სარალიძეს, რომ მიხეილ კალანდია დარჩებოდა პატიმრობაში, თუ ზაზა სარალიძე არ გააპროტესტებდა ირაკლი შოთაძის ხელმეორედ პროკურორად დანიშვნას.

„წუხელ გვიან ღამემდე ამ სასამართლოს შენობაზე განხორციელდა ზეწოლა გენერალური პროკურორების მაღალჩინოსნებისგან, რომლებსაც არანაირად არ აწყობდათ სხვა განაჩენის გამოტანა, გარდა იმისა, რაც ახლა მიიღეს. ირაკლი შოთაძესა და ზაზა სარალიძეს შორის არსებობს გარიგება იმის შესახებ, რომ ზაზა სარალიძე ხმას არ ამოიღებდა, არ გააპროტესტებდა, არ დაიწყებდა აქციებს, თუ გენერალურ პროკურორად შოთაძე დაბრუნდებოდა. სარალიძეს დაპირდნენ, რომ კალანდიას პატიმრობაში დატოვებდნენ“, - განაცხადა ზურაბ თოდუამ. 

პროკურორის განცხადებით, ეს აბსურდული ბრალდებებია და სასამართლომ დამოუკიდებელი და ობიექტური გადაწყვეტილება მიიღო.

„ბრალდების მხარისთვის გაუგებარია რა შეთანხმებაზე საუბრობს დაცვის მხარე. სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და მხარეთა მონაწილეობით მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები, სწორედ ამ მტკიცებულებების ხარჯზე მიღებული იქნა სამართლიანი, კანონიერი და დასაბუთებული განაჩენი“, - აცხადებს პროკურორი ბესიკ ქვარცხავა.

დავით სარალიძის განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებულ მიხეილ კალანდიას საქმეზე სასამართლომ ადვოკატის სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა და 25 თებერვლის საქალაქო სასამართლოს განაჩენი უცვლელად დატოვა.

კალანდია თბილისში, ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა 2019 წლის 4 ივნისს დააკავეს. სასამართლომ დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულ მიხეილ კალანდიას 15 წელი მიუსაჯა.  მიუხედავად ამისა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსიდან გამომდინარე, კალანდია საპატიმროში 11 წელსა და 3 თვეს გაატარებს.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის პირველ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე, დავით სარალიძე კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, დაიღუპა.

 


close დახურვა