logo
ENG



სარალიძის მკვლელობისთვის მსჯავრდებული კალანდია პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართავს

05 ოქტ 202312:24
3 წუთის საკითხავი
clock 6899
2023/10/05/u08hpihrsa36iat.jpg

დავით სარალიძის განზრახ მკვლელობისთვის მსჯავრდებულმა მიხეილ კალანდიამ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეწყალების თხოვნით მიმართა. 

მიხეილ კალანდიას პრეზიდენტისთვის მიწერილ წერილში, რომელსაც მისი ძმა, ლუკა კალანდია Facebook-ზე აქვეყნებს, მიხეილ კალანდია წერს, რომ მის მიმართ ქართულმა "მიუკერძოებელმა სასამართლომ" პოლიტიკური ძალების ზეგავლენის შედეგად გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი.

კალანდია წერს, რომ მის მიმართ გამოტანილი განაჩენში ოპოზიციასთან ერთად, ხელისუფლებამაც დიდი როლი ითამაშა, კერძოდ, ის ამბობს, რომ მაშინ, "ოპოზიციას იმედი გაუჩნდა, რომ ტრაგედიის ფონზე საზოგადოების მღელვარების გამოწვევით ხელისუფლებაში დაბრუნდებოდა", მმართველმა პარტიამ კი, "ოღონდ როგორმე ჩაეხშო ქუჩის იმჟამინდელი აქციები, არაკანონიერი ქმედებებით, ყველანაირი ხერხი გამოიყენა საქმის ჩასაფარცხად".

კალანდია წერილში პრეზიდენტს მიმართავს და ამბობს, რომ ითხოვს შეწყალებას, როგორც "საპატიმროში უდანაშაულოდ გამომწყვდეული ადამიანი, რომელიც მარტო იბრძვის უსამართლო სისტემის წინააღმდეგ სიმართლის დასამტკიცებლად".

"მე, მიუხედავად არაადამიანური ზეწოლისა და მრავალი ფსიქოლოგიური წნეხისა, არც ერთ ეტაპზე არ მიღიარებია პროკურატურის მიერ „შეთითხნილი“ დანაშაული. ამ ე.წ. აღიარებით საკმაოდ კომფორტულ გარემოებაში ვიქნებოდი მსგავსად ამავე საქმეზე დამდგარი სხვა ერთ-ერთი განაჩენისა, მაგრამ მე ეს არ შემიძლია - ჩემი პიროვნული პრინციპების გამო, რამეთუ ვთვლი, რომ ჭეშმარიტებისთვის ბრძოლა, ადამიანის უმთავრესი მისწრაფება უნდა იყოს. მე წარმოვადგენ ჩემი ქვეყნის პოლიტიკური პარტიების ბინძურ ინტერესებს შეწირულ პატიმარს. გთხოვთ, დაინტერესდეთ ჩემი საკითხით, გაითავისოთ ჩემი მდგომარეობა და დამეხმაროთ მიზნის მიღწევაში! ამ ეტაპზე, თქვენ ხელგეწიფებათ ძალიან მნიშვნელოვანი რამ - აღადგინოთ სამართლიანობა.....

გთხოვთ, დამეხმარეთ და ამ ჰუმანური აქტით ხელი შეუშალეთ სახელმწიფოს ამ უმსგავსობის გაგრძელებაში. შემიწყალეთ, რათა მოვახერხო დავუბრუნდე სრულფასოვან ცხოვრებას და თავისუფლებიდან უფრო ეფექტიანად გავაგრძელო ბრძოლა ჩემი უდანაშაულობის დასამტკიცებლად, ამ ეტაპზე უკვე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, სადაც ჩემი საქმე განხილვის მეორე ეტაპზეა და იმედს გამოვთქვამ, რომ ჩემი უფლებების დაცვას შევძლებ საპატიმროში დაუფლებულ ფრანგულ ენაზე", - წერს კალანდია წერილში. 

***

11 წელი და 3 თვე - დავით სარალიძის განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებულ მიხეილ კალანდიას საქმეზე სასამართლომ ადვოკატის სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა და 25 თებერვლის საქალაქო სასამართლოს განაჩენი უცვლელად დატოვა. 

კალანდია თბილისში, ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა 2019 წლის 4 ივნისს დააკავეს. სასამართლომ დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულ მიხეილ კალანდიას 15 წელი მიუსაჯა.  მიუხედავად ამისა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსიდან გამომდინარე, კალანდია საპატიმროში 11 წელსა და 3 თვეს გაატარებს. 

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის პირველ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე, დავით სარალიძე კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, დაიღუპა.

 

 

 


close დახურვა