logo
ENG



კალაძე: აღმაშენებლის გამზირზე ღია კაფეების მოცულობა უნდა შემცირდეს

15 აგვ 202312:30
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/15/lxgqtpzp6kvv0so.jpeg

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, აღმაშენებლის გამზირზე ღია კაფეების მოცულობა უნდა შემცირდეს. როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, კაფე-ბარებს 24 აგვისტოს ჩათვლით აქვთ ვადა, მოაწესრიგონ დოკუმენტაცია, რათა ღია სივრცის გარკვეული ნაწილის ათვისებაზე ნებართვა მიიღონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაკავებული ტერიტორია სრულად გაათავისუფლონ.

"რამდენიმე მთავრობის სხდომის წინ ვისაუბრე აღმაშენებლის გამზირზე განთავსებულ კაფე-ბარებზე, სადაც ფეხით გავლა შეუძლებელია, გარეთ გამოტანილი აქვთ მაგიდები, სკამები. ჩვენ ამას არ ვზღუდავთ, პირიქით. როგორც იცით, პანდემიის პირობებში როგორი მხარდაჭერა და თანადგომა ჰქონდათ მერიის მხრიდან, მაგრამ ასე გაგრძელება, როგორც დღეს აქვთ გაკეთებული, შეუძლებელი და კატეგორიულად მიუღებელია. ვიძლევით გონივრულ ვადას, რომ მოგეცეთ შესაძლებლობა, მოაწესრიგოთ ეს ყველაფერი. ორივე მხარეს უნდა შემცირდეს ღია კაფეების მოცულობა, რათა ადამიანებს თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა ჰქონდეთ და გადაადგილება პრობლემას არ წარმოადგენდეს არც ქვეითებისთვის, არც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებისთვის, არც სახანძროსთვის და ასე შემდეგ", - განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძემ მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლებს მოუწოდა, ვადის გასვლის შემდეგ, კანონის ფარგლებში იმოქმედონ.

"ჩემი ინფორმაციით, ძალიან ცოტა ადამიანმა მოგვმართა, რათა მოეწესრიგებინა თავისი სივრცე, კაფე-ბარების არეალი, რაც ძალიან ცუდია. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ყველაფერი ისე დარჩება, როგორც დღეს არის, ტყუილია. ჩვენთვის, როგორც თქვენ და თქვენთან დასაქმებული ადამიანები არიან მნიშვნელოვანი, ასეთივე მნიშვნელოვანია იქ მცხოვრები ოჯახები, ასევე ადამიანები, რომლებიც გადაადგილდებიან აღნიშნული ქუჩის მონაკვეთზე", - აღნიშნა მერმა.


close დახურვა