თბილისის მერი, კახა კალაძე ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში "დაბრუნებას" ეხმაურება. მისი თქმით, ივანიშვილის "პოლიტიკაში შემობრუნება არამხოლოდ მმართველ გუნდს, არამედ მთელ ქვეყანას წაადგება".
"მთელი ამ ხნის განმავლობაში, მოყოლებული 2012 წლიდან დღემდე, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ პარტიას არ გადაუხვევია იმ პრინციპებიდან და ღირებულებებიდან, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მხრიდან გაცხადებული იყო 2011 წელს და 2012 წელს, როდესაც ჩვენ არჩევნებში გავიმარჯვეთ.
რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის შემობრუნება პოლიტიკაში არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს წაადგება არამხოლოდ მმართველ პარტიას და გუნდს, არამედ მთელ ქვეყანას... ბიძინა ივანიშვილს აქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა საზოგადოებაში, აქვს ძალიან დიდი რესურსი, აქვს უდიდესი პატივისცემა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მხრიდან და მას ნამდვილად შეუძლია ის, რომ მოახდინოს მმართველი გუნდისა და ხალხის კონსოლიდაცია.
მარტივად გეტყვით, თუ ადამიანი არაფორმალური მმართველია, მაშინ რატომ შემოვიდა პოლიტიკაში? მაშინ გააგრძელებდა, თუ გარედან მართავდა, ჩვეულებრივად გააგრძელებდა მართვას. ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციებია", - თქვა კალაძემ.
ქართულმა ოცნებამ წლის შემაჯამებელ ყრილობაზე პარტიის დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი საპატიო თავმჯდომარედ აირჩია. მანამდე, რამდენიმე წუთით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ივანიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება - ეს ივანიშვილის პოლიტიკაში მეორე "დაბრუნებაა".