logo
ENG



კალაძე: კონცერტებს ორგანიზებას არ ვუკეთებთ, ვაფინანსებთ

16 სექ 202011:24
3 წუთის საკითხავი
 
კალაძე: კონცერტებს ორგანიზებას არ ვუკეთებთ, ვაფინანსებთ

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სიცრუეა, თითქოს თბილისის მერია დედაქალაქში კონცერტებს უწევს ორგანიზებას.

როგორც კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მერია კონცერტებს, უბრალოდ, აფინანსებს.

"ვრცელდება ცრუ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს თბილისის მერია ორგანიზებას უწევს სხვადასხვა სახის კონცერტებსა და ღონისძიებებს. თითოეულ ღონისძიებას ჰყავს ორგანიზატორი და ყველა ვალდებულია, რეკომენდაციები დაიცვას.

ჩვენ, რა თქმა უნდა, კულტურის სფეროს წარმომადგენლებს გამოვუცხადეთ მხარდაჭერა, ვაფინანსებთ სხვადასხვა მიმართულებით, ეს იქნება კონცერტები, ბენდები, მომღერლები, ჩვენ ამას გავაგრძელებთ და არასდროს ადამიანებს პრობლემის წინაშე არ დავტოვებთ. ამისთვის დაახლოებით 3 მილიონი ლარი იქნა მოძიებული ჩვენს ბიუჯეტში", - განაცხადა კალაძემ.

10 სექტემბრიდან ღია ცის ქვეშ დაგეგმილ კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებზე დამსწრეთა რაოდენობა 200 ადამიანამდე შეიზღუდა; აიკრძალა ღამის კლუბები ღია სივრცეებში. შეზღუდვები შეეხო ქორწილებს, იუბილეებს, ქელეხებსა და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, სადაც დამსწრეთა რაოდენობა 10 კაცს შეადგენს. ამის შემდეგ, 12 სექტემბერს, მერიის ნებართვით, კიკვიძის ბაღში კონცერტი გაიმართა. მერიის ნებართვითვე, 14-15-16 სექტემბერს თბილისში მუსიკალური ფესტივალი იმართება. 


close დახურვა