ხვალიდან ქორწილების, იუბილეებისა, სარიტუალო და სხვა სოციალური ღონისძიებების ჩატარება აიკრძალება.
ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, საკოორდინაციო საბჭომ შესაბამისი გადაწყვეტილება შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო მიიღო.
"მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებულ სოციალურ ღონისძიებებთან დაკავშირებით, როგორიც არის იუბილეები, ქორწილები, ქელეხები და სხვა სარიტუალო ღონისძიებები. ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, მიღებულია გადაწყვეტილება და ხვალიდან უკვე ეს სოციალური ღონისძიებები აიკრძალება. ეს შეზღუდვა დახურულ სივრცეში ისედაც მოქმედებს, თუმცა ხვალიდან, უკვე გავრცელდება ღია სივრცეებზეც", - განაცხადა მეზვრიშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აქედან 3 სამედიცინო პერსონალია, 3-ის დაინფიცირების წყარო უცნობია.