logo
ENG



კალაძე თვითნებურ მშენებლობებზე: არსებობს ეჭვი, რომ საქმე გვაქვს თაღლითურ სქემასთან

15 დეკ 202017:59
3 წუთის საკითხავი
 
2020/12/15/rhueojvbmxpf3f0.png

თბილისის მერი კახა კალაძე აფრიკის დასახლებაში თვითნებურად აშენებული შენობების დემონტაჟის პროცესს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და განაცხადა, რომ არსებობს თაღლითური სქემის ეჭვი. კერძოდ, კალაძის თქმით, ეკონომიკური სარგებლის მიღების მიზნით, გარკვეული ადამიანები, მოქალაქეებს კანონდარღვევისკენ უბიძგებენ. კალაძის თქმით, შესაბამისი მასალები საგამოძიებო უწყებებს გადაეცემათ.

კალაძის განცხადებით, მისი მერობის დროს სახელმწიფოს კუთვნილი მიწების დატაცება წახალისებული არ იქნება.

"ინპექციამ რამდენჯერმე გააფრთხილა კანონდამრღვევები როგორც სიტყვიერად, ასევე წერილობით, სამწუხაროდ, ამას რეაგირება არ მოყოლია. მუნიციპალურმა ინსპექციამ კანონის ფარგლებში დაიწყო დემონტაჟის პროცესი. სახელმწიფოს კუთვნილი მიწების დატაცება ჩემი მერობის პირობებში წახალისებული არ იქნება. ბოლო წლებში მოქალაქეებმა, რომელთაც აქვთ უძრავი ქონება რეგიონებში, ზოგს სახეზეც უფიქსირდებათ ქონება, დაიწყეს უკანონო მშენებლობები თბილისში. ეს მიწები სახელმწიფოს, თითოეული თქვენგანის ქონება. გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქმე გვაქვს თაღლითურ სქემასთან, რომლის უკან დგანან გარკვეული პირები, რომლებიც ეკონომიკური სარგებლის მიღების მიზნით, მოქალაქეებს კანონდარღვევისკენ უბიძგებენ. მერია შესაბამის უწყება მიაწვდის ყველა მასალას საქმის მოსაკვლევად დასაწყებად", - აცხადებს კალაძე.

კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ მოქმედებს 7-მილიონიანი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც საცხოვრებელი სახლის არმქონე მოქალაქეებს მერია ეხმარება და მათ ქირით უზრუნველყოფს.

დედაქალაქის მერიამ დღეს, 15 დეკემბერს აფრიკის დასახლებაში უკანონო მშენებლობების დემონტაჟი დაიწყო. ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც უსახლკაროდ რჩება აქციას მართავს და დახმარებას ითხოვს. 

"ვისაც სახლი არ აქვს, არსებობს თავშესაფარი", - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას, რა ალტერნატივა აქვს მერიას იმ ადამიანებისთვის, ვისაც სახლი არ აქვს. როგორც მან განაცხადა, ვისაც გარკვეული პრობლემა აქვს, ან სახლი დაენგრა, გამგეობები გამოყოფენ თანხებს და მათ დაეხმარებიან.

დემონტაჟის პროცესს გამოეხმაურა ომბუდსმენი და განაცხადა, რომ დაუშვებელია აღნიშნული პროცესები ადამიანის უფლებების დარღვევის ხარჯზე განხორციელდეს. ლომჯარიას თქმით, საცხოვრებელი სახლის დემონტაჟი, რა თქმა უნდა, დაკავშირებულია პირების უსახლკაროდ დარჩენის რისკებთან, რაც წარმოშობს სახელმწიფო მხრიდან აღნიშნული რისკების შეფასების და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი თავშესაფრით უზრუნველყოფის მიზნით ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მხარდამჭერი ზომების შეთავაზების აუცილებლობას.

ამავდროულად, საია ეხმაურება 15 დეკემბერს, თბილისის მუნიციპალური ინსპექციის მიერ აფრიკის დასახლებაში ნებართვის გარეშე აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟის პროცესს და მოუწოდებს თბილისის მერიას შეწყვიტოს დემონტაჟი, ამასთანავე უზრუნველყოს და გაატაროს უსახლკარო პირთა მიმართ მხარდაჭერის პოლიტიკა.

დემონტაჟის პროცესს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოც" ეხმაურება და აცხადებს, რომ მძიმე ეპიდემიური სიტუაციის ფონზე, არსებული რთული სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობისა და ზამთრის მძიმე პირობების გათვალისწინებით, მსგავსი მკაცრი ზომების გამოყენებით, თბილისის მერია ამ შენობებში მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.

მოქალაქემ, რომელსაც დღეს, 15 დეკემბერს მერიამ აფრიკის დასახლებაში აშენებული სახლი დაუნგრია, ამბობს, რომ მშენებლობის გაგრძელების ნებართვა ქართული ოცნების მაჟორიტარმა კანდიდატმა, სოზარ სუბარმა მისცა. 

"მოვიდნენ, გვითხრეს, გააკეთეთო, არჩევნები მოდისო. სოზარ სუბარმა შემოიარა, ააშენეთო. ავაშენეთ. სულ კაპიკ-კაპიკ და ასე დაგვტვოვეს პირღიები. რა აზრი აქვს ჩემს სიცოცხლეს, ქუჩაში მრჩება შვილები". - თქვა მან. 

არჩევნებამდე, მაშინ ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი და უკვე დეპუტატი, სოზარ სუბარი "აფრიკის" დასახლების მცხოვრებლებს მშენებლობების დაკანონებაში დახმარებას დაჰპირდა. 

ქართული ოცნების სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სოზარ სუბარი სამგორში საცხოვრებელი სახლების დემონტაჟის პროცესს ეხმაურება  და აცხადებს, რომ ის მოსახლეობას ვერაფრს დაჰპირდებოდა, რაც კანონის ფარგლებში არ ჯდება. 


close დახურვა