თბილისის მერი კახა კალაძე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის დამტკიცებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ოპოზიციას „დემოკრატიული პროცესებისთვის ხელის შეშლა“ არ გამოუვიდა.
კალაძე ცვლილებების მხარდაჭერისთვის „ჯანსაღად მოაზროვნე“ პოლიტიკოსებს მადლობას უხდის.
„საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო პარლამენტმა. ისტორიული და ისტორიულზე მეტად, ლოგიკური ამბავია. ქვეყანა ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიოდა აქამდე და მოხარული ვარ, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ გამოავლინა პოლიტიკური ნება და გამბედაობა ამ ცვლილების განსახორციელებლად.
ეს არის იმ ფაქტის კიდევ ერთი დემონსტრირება, რომ ქვეყანა დემოკრატიის შეუქცევად გზაზე დგას და ვერავითარი ძალა ამ რეალობას ვერ შეცვლის.
მთელი ეს პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობდა ქვეყნის მოსახლეობის, ჩვენი პარტნიორების და მეგობრების თვალწინ და ამ პროცესში ნათლად გამოჩნდა, ვინ ვინ არის, ვის რა ინტერესი აქვს.
პოლიტიკური პროცესის დინამიკაში ჩვეულებრივი მოვლენაა სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტის მხრიდან ოპონირება, პოლემიკა და აზრთა სხვადასხვაობა. გასაგებია ყველაფერი პოლიტიკური ქულების მოპოვების გზაზე, გარდა ღია კონფრონტაციისა, როცა თვალნათლივ ჩანს, რომ ვიწროპარტიული ინტერესია უმთავრესი ზოგიერთებისთვის და არა ქვეყნის მომავალზე ზრუნვა.
არ გამოვიდა დემოკრატული პროცესებისთვის ხელის შეშლა, არ გამოვიდა პროცესის სათავისოდ გამოყენება მავანთა მხრიდან. კარგია, გაკვეთილია...
მადლობა ყველა ჯანსაღად მოაზროვნე და ჯანსაღად მოქმედ პოლიტიკოსს!“, - ნათქვამია კალაძის განცხადებაში.
დღეს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო.
კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ ევროპულ საქართველოსა და ნაციონალურ მოძრაობას - ოპოზიციური პარტიები ცვლილებების მხარდაჭერის წინაპირობად მთავარი არხის თანადამფუძნებლის, გიორგი რურუას, წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებას ასახელებდნენ.
რურუა დღეს მიმდინარე სასამართლო პროცესზე პატიმრობაში დატოვეს.
ევროპულმა საქართველომ, ნაციონალური მოძრაობისგან განსხვავებით, ცვლილებებს პირველ მოსმენაზე მხარი დაუჭირა. პარტიის ლიდერებმა თქვეს, რომ ამ გზით ხელისუფლებას რეფორმის მორიგ ჯერზე ჩაგდების შესაძლებლობას არ მისცემდნენ და 8 მარტის შეთანხმებას სრულად შესრულების პერსპექტივას შეუნარჩუნებდნენ. შემდგომ კენჭისყრებში პარტიას მონაწილეობა აღარ მიუღია.
ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ელჩებისა და დიპლომატების ჩართულობით მიღწეული 8 მარტის შეთანხმება ორ ნაწილს მოიცავდა: არჩევნების სრულად პროპორციულ სისტემასთან დაახლოებასა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას.
ხელისუფლება შეთანხმების მეორე ნაწილის არსებობას დღემდე უარყოფს. თუმცა, ოპოზიციისა და დასავლელი პარტნიორების ზეწოლის ფონზე, საქართველოს პრეზიდენტმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი უკვე შეიწყალა. ოპოზიციის თქმით, მესამე პატიმარი, რომლის გათავისუფლებას შეთანხმება ითვალისწინებდა, გიორგი რურუაა.
ამ დრომდე მმართველ გუნდს არა ერთმა სენატორმა, ევროპარლამენტარმა და კონგრესმენმა მოუწოდა, რომ შეასრულოს 8 მარტის შეთანხმება და გიორგი რურუა გაათავისუფლონ საპატიმროდან.
მხარეებს შეთანხმების სრულად შესრულებისკენ მოუწოდებდნენ დიალოგის ფასილიტატორები.
8 მარტის შეთანხმება რთული პოლიტიკური პროცესი იყო. მას წინ უძღოდა საზოგადოებრივი და პოლიტიკური მღელვარება, რაც ჯერ სერგეი გავრილოვის ჩამოსვლასა და აქციის დარბევას, შემდეგ კი დაპირებული პროპორციული არჩევნების ჩაგდებას მოჰყვა.