logo
ENG



გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვეს

29 ივნ 202012:47
3 წუთის საკითხავი
clock 1483

თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა გიორგი რურუას ადვოკატების შუამდგომლობა და "მთავარი არხის" მეწილე და თანადამფუძნებელი წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

სწორედ რურუას გათავისუფლებაზე იყო დამოკიდებული, დაუჭერდა თუ არა საპარლამენტო ოპოზიცია მხარს საარჩევნო სისტემის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელსაც პარლამენტში დღეს მესამე მოსმენით უყრიან კენჭს.

გიორგი რურუა, რომელიც მოძრაობა "სირცხვილიას" ფინანსურად ეხმარებოდა, გასული წლის 18 ნოემბერს, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვის ბრალდებით დააკავეს. მოგვიანებით მის ბრალდებას დაემატა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა და მისთვის ხელის შეშლა. რურუა ბრალს არ აღიარებს.

გიორგი რურუას გათავისუფლება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის 8 მარტს მიღწეული შეთანხმების ნაწილია. შეთანხმება, რომელსაც მხარეებმა ელჩების ჩართულობით მიაღწიეს, ორნაწილიანია და მოიცავს როგორც საარჩევნო სისტემის ცვლილებას, ასევე პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას. ოპოზიცია აცხადებს, რომ გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილთან ერთად, შეთანხმების მიხედვით, უნდა გათავისუფლებულიყო გიორგი რურუაც.

ქართული ოცნება შეთანხმების მეორე ნაწილის არსებობას დღემდე უარყოფს, თუმცა, ოპოზიციისა და დასავლელი პარტნიორების ზეწოლის ფონზე, საქართველოს პრეზიდენტმა უკვე შეიწყალა უგულავა და ოქრუაშვილი. 

იმას, რომ პატიმრების გათავისუფლება შეთანხმების ნაწილია, ადასტურებს დიალოგის ფასილიტატორების განცხადებები, რომლებიც მხარეებს მისი სრულად შესრულებისკენ მოუწოდებენ და "სასამართლო პროცესების არასათანადო პოლიტიზაციის აღქმაზე" რეაგირების პირობას უსვამენ ხაზს.

26 ივნისს ცნობილი გახდა, რომ სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის, ჯეიმს რიშის ინიციატივით, აშშ-ის ეროვნული თავდაცვის აქტში შესაძლოა შევიდეს ცვლილებები, რომელიც სწორედ 8 მარტის შეთანხმებასა და გიორგი რურუას პატიმრობას ეხება. შესწორებაში აღნიშნულია, რომ რურუა კვლავ პატიმრობაშია და წერია, რომ აშშ-ს და საქართველოს შორის თანამშრომლობა გაგრძელდება, თუ საქართველოს მთავრობა დანაპირებს შეასრულებს.

ამ დრომდე მმართველ გუნდს არა ერთმა სენატორმა, ევროპარლამენტარმა და კონგრესმენმა მოუწოდა, რომ შეასრულოს 8 მარტის შეთანხმება და გიორგი რურუა გაათავისუფლონ საპატიმროდან. 

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავჯდომარე ჯეიმს რიში და ევროპის და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტის დემოკრატი ლიდერი ჯინ შაჰინი საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას ერთობლივი განცხადებითაც გამოეხმაურნენ. მათი თქმით, ისინი ელიან რურუას გათავისუფლებასაც.

საქართველოს ხელისუფლებას 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებისკენ და გიორგი რურუას ციხიდან გათავისუფლებისკენ მოუწოდა ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმაც. როგორც მან  "ფორმულასთან" ინტერვიუში ათქვა, შეთანხმების შესრულებაზე პასუხისმგებლობა ქართული ოცნების ხელისუფლებას ეკისრება.

 

 

 

 


close დახურვა