logo
ENG



კანდელაკი: "ოცნებაზე" წნეხი გაიზრდება არა მხოლოდ ქვეყნის გარეთ, არამედ ქვეყნის შიგნითაც

02 აპრ 202114:04
3 წუთის საკითხავი
 

ევროპული საქართველოს წევრი, გიორგი კანდელაკი ევროპარლამენტარების განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, საქართველოს შესაძლოა დახმარება შეუმცირდეს.  

კანდელაკის თქმით, განცხადებაში ნათლადაა ნათქვამი, რომ უმეტესი პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას და საუბარია პოლიტპატიმრების და ვადამდელი არჩევნების საკითხზე.

ევროპული საქართველოს წევრის შეფასებით, ოპოზიციის პასუხისმგებლობაა, რომ არ გადააჩეხინოს ქართულ ოცნებას ქვეყანა უფსკრულში, შესაბამისად, ქართული ოპოზიცია იმოქმედებს ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, როგორც მოლაპარაკებების დროს, ისე წინააღმდეგობის მოძრაობის დარაზმვისას.

"ეს განცხადება ადასტურებს იმას, რასაც ჩვენ ვამბობდით, რომ „ქართულ ოცნებაზე“ წნეხი გაიზრდება არა მხოლოდ ქვეყნის გარეთ, არამედ ქვეყნის შიგნითაც,

ოპოზიციის გეგმა არის ძალიან მარტივი, ჩვენზე არის პასუხისმგებლობა, რომ არ გადავაჩეხინოთ „ქართულ ოცნებას“ ქვეყანა უფსკრულში. ასევე, ჩვენზე არის პასუხისმგებლობა იმ თვალსაზრით, რომ ქვეყანას სჭირდება არა კრიზისის გადაგორება, არა „შერემონტება“, არამედ კრიზისის გადაჭრა და მთლიანად ქვეყნის მმართველობის გადატვირთვა. ეს არის ჩვენი მოქალაქეების დაკვეთა და ამით ვხელმძღვანელობთ, როგორც მოლაპარაკებების დროს, ასევე იმ წინააღმდეგობის მოძრაობის დარაზმვისას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია იმ თვალსაზრისთ, რომ „ქართული ოცნება“ კომპრომისზე წამოვიდეს". - თქვა კანდელაკმა. 

საქართველოს ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ამის გამო ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე მომუშავე ევროპარლამენტარებმა საქართველოსთვის ევროკავშირის ფინანსური დახმარების შეჩერება და პირობითობის გაზრდა დააანონსეს.

მათი განცხადებით, ორივე, მმართველი და მთავარი ოპოზიციური პარტიები, რომლებიც მონაწილეობდნენ მოლაპარაკებებში, პასუხისმგებლები არიან ამ შედეგზე, თუმცა განსაკუთრებული პასუხისმგებლობა კი სახელისუფლებო პარტიას ეკისრება.

განცხადებას ხელს აწერენ ევროპარლამენტარები: დევიდ მაკალისტერი (EPP), მარინა კალიურანდი (S&D), ანდრიუს კუბილიუსი (EPP), ვიოლა ფონ კრამონი (GREENS), სვენ მიქსერი (S&D), მიხაელ გალერი (EPP) და პეტრას აუსტრევიჩუსი (RENEW).


close დახურვა