logo
ENG



კაპანაძე: შემაშფოთებელია, რომ ასეთ მნიშვნელოვან დღეებში საქართველოს ელჩი არ იყო ბელარუსში

17 აგვ 202012:54
3 წუთის საკითხავი
 

ევროპული საქართველოს წევრის, სერგი კაპანაძის აზრით, შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ბელარუსში მიმდინარე მოვლენების პარალერულად, საქართველოს ელჩი აქამდე ადგილზე არ იმყოფებოდა და ის მხოლოდ გუშინ ღამით გაფრინდა მინსკში. 

"თუ მართლა ელჩი ჩაიყვანეს სასწრაფოდ გუშინ ღამით, იმის გამო, რომ ის იმყოფებოდა შვებულებაში, ბუნებრივია, კითხვის ნიშნებს იწვევს და შემაშფოთებელიც არის ის, რომ ასეთ მნიშვნელოვან დღეებში ბელარუსის ისტორიაში, როდესაც ერთი კვირაა, თითქმის, მიმდინარეობს საპროტესტო გამოსვლები და როდესაც ბელარუსი ხალხი იბრძვის თავის არჩევნებისთვის, საქართველოს ელჩი რომ არ იყო ბელარუსში, ეს არის უბრალოდ გაუმართლებელი.

ეს არის ჩემთვის ყველაზე უფრო კითხვის ნიშნების აღმძვრელი და არა ის, რომ გუშინ ღამით ჩაიყვანეს იქ. თუ მართლა ასე არის, გაცილებით ადრე უნდა ჩაეყვანათ მინსკში, გამომდინარე იმ სერიოზული სიტუაციიდან, რომელიც იქ არის", - განაცხადა სერგი კაპანაძემ. 

დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განმარტა, რომ გუშინ ღამით სამთავრობო თვითმფრინავით მინსკში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ჩაფრინდა. 

"ბოლო დღეებში ბელარუსის რესპუბლიკაში განვითარებული მოვლენების გამო საჭირო გახდა მისი მყისიერი დაბრუნება მინსკში.

გამომდინარე იქიდან, რომ ბელარუსთან შეზღუდულია საჰაერო მიმოსვლა და ელჩი საჭიროებდა მოკლე დროში მინსკში ჩასვლას, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მისი სამთავრობო თვითმფრინავით გამგზავრების შესახებ", - განაცხადეს უწყებაში. 

9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ცესკოს მონაცემებით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა არჩევნებზე 80.23% მოიპოვა. ლუკაშენკოს მთავარმა ოპონენტმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ 9.9% მოპოვება შეძლო.

ეგზიტპოლის გამოქვეყნების შემდეგ, მოსახლეობა გარეთ გამოვიდა. მომიტინგეები ოფიციალური ეგზიტპოლის შედეგებს აპროტესტებდნენ.  ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ათობით ადამიანი დაშავდა, 2 კი გარდაიცვალა.

ევროკავშირი ოფიციალური მინსკის წინააღმდეგ უახლოეს კვირებში სანქციების დაწესების შესახებ გამოაცხადებს. ორგანიზაცია ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობს. 27 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეფასებით, არჩევნები არ ყოფილა სამართლიანი და გამჭვირვალე.


close დახურვა