logo
ENG



კაპანაძე პლებისციტზე: ახალ არჩევნებამდე მისასვლელ ინსტრუმენტზე მოლაპარაკება პრობლემა არაა

06 დეკ 202014:25
3 წუთის საკითხავი
 

ევროპული საქართველოს წევრი სერგი კაპანაძე ამბობს, რომ პლებისციტი ახალ არჩევნებამდე მისვლის ერთ-ერთი ინსტრუმენტია, ამიტომ მისი თქმით, ოპოზიციისთვის ამაზე საუბარი პრობლემა არ არის. როგორც კაპანაძე აღნიშნავს, მთავარია, მოლაპარაკებების საგანი ახალი არჩევნები იყოს.

ევროპული საქართველოს ლიდერის თქმით, პარტიების პოზიცია უცვლელია და თუ მმართველ გუნდთან შეთანხმება 11 დეკემბრამდე არ მოხდება, ოპოზიცია პარლამენტში არ შევა.

"ჩვენთვის ამოსავალი წერტილი არის არჩევნების ჩატარება და ისე ჩატარება, რომ ის ინსტრუმენტები, რომლებიც გამოყენებული იქნა ახლა აღარ იყოს ხელმისაწვდომი ხელისუფლებისთვის.

პლებისციტი არის ინსტრუმენტი, როგორ მივიდეთ ახალ არჩევნებამდე, აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ინსტრუმენტებზე მოლაპარაკება პრობლემა არ არის. მთავარია, რომ მოლაპარაკებების საგანი იყოს ახალი არჩევნები.

თუ 11-მდე არ მოხდება შეთანხმება, ჩვენ პარლამენტში არ შევდივართ. ეს ბევრჯერ იქნა გაცხადებული და ამის შეცვლას არავინ აპირებს",-ამბობს კაპანაძე.

დღეს 17:00 საათზე სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერები ლელოს ოფისში შეიკრიბებიან. 

რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ოპოზიცია ითხოვს, ვინაიდან 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევს და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს. ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების ფასილიტატორები საქართველოში აშშ-ის და ევროკავშირის ელჩები არიან. აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში უკვე 2 შეხვედრა შედგა, თუმცა, უშედეგოდ. 

4 დეკემბერს ოპოზიციამ ფასილიტატორ ელჩებს წერილობითი ფორმით წარუდგინა წინადადებები, რომელშიც საუბარია რიგგარეშე არჩევნებზე ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში, ასევე პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე. მათი თქმით, ეს დოკუმენტი არის ერთგვარი რუკა, რომელშიც კრიზისიდან გამოსვლის გზებზე არის ლაპარაკი. 

წარდგენილ წინადადებებში, რიგგარეშე არჩევნების ჩატარებასთან, ცესკოს ადმინისტრაციის შეცვლასთან და პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან ერთად, ერთ-ერთი პუნქტი რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შესახებ პლებისციტის დანიშვნასაც ეხება. 

თუ ოპოზიციის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება და მათი ბოიკოტიც ძალაში დარჩა, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ერთპარტიული პარლამენტი შეიკრიბება. 


close დახურვა