logo
ENG



მოიცავს თუ არა ოპოზიციის შეთავაზება პლებისციტს რიგგარეშე არჩევნების შესახებ

05 დეკ 202017:20
3 წუთის საკითხავი
clock 1499
Formula/Vakho Kareli

ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ გირჩის წევრებმა, იაგო ხვიჩიამ და ვახტანგ მეგრელიშვილმა თქვეს, რომ ოპოზიციის წინადადებაში, რომელიც მათ ფასილიტატორებს წერილობით წარუდგინეს, რიგგარეშე არჩევნების ჩატარებასთან, ცესკოს ადმინისტრაციის შეცვლასთან და პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან ერთად, პლებისციტის ჩატარების შესახებაც არის საუბარი. 

"ჩვენ ძალიან მოგვწონს ყველა პუნქტი, პლებისციტის გარდა. პლებისციტის ნაწილში ჩვენ უბრალოდ განსხვავებული აზრი გვაქვს". - თქვა ვახტანგ მეგრელიშვილმა. 

ზოგი პლებისციტს, ზოგი არჩევნებს, ზოგი რას ითხოვს, ამ თვალსაზრისით კამათი მიმდინარეობს. ჩვენ, ზოგადად პლებისციტის იდეასთან დაკავშირებით შედარებით გულგრილები ვართ, სხვა იდეები, რაზეც მსჯელობა მიდის უფრო მოგვწონს, უბრალოდ ჩვენს კოლეგებს ვეთანხმებით პლებისციტის იდეაშიც". - თქვა იაგო ხვიჩიამ

სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ეს ინფორმაცია არ დაადასტურეს. თუმცა, არც უარყვეს.

ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ თქვა: 

"ელჩების თხოვნით, მე ვერ ვიტყვი მოთხოვნები რა არის. მე ჩემი აზრი შემიძლია გითხრათ. პლებისციტი რა არის? ეს არის, როდესაც არის ჩიხი, მოდი ვკითხოთ ხალხს. ის ვერ იქნება რიგგარეშე არჩევნების ჩამნაცვლებელი, ეს კარგად მინდა განვმარტო. პლებისციტი შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ შუალედური გზა რიგგარეშე არჩევნებამდე მისასვლელად. როდესაც ჩიხია, ხელისუფლება, ოპოზიცია და ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი ბუნებრივ გამოსავლად თვლის, რომ თქვას - მოდი ხალხს ვკითხოთ. დეტალიზაციას მე აღარ გავაკეთებ და დაველოდები ორ სამ დღეს, როდესაც ფორმალურად გვექნება პასუხი. 

მინდა მკაფიოდ განვსაზღვრო ერთი რამ - ჩვენი მოთხოვნაა რიგგარეშე არჩევნები და ჩვენ ჩვენს დოკუმენტში ასევე ვთავაზობთ „ქართულ ოცნებას“, როგორ მივიდეს სამართლიანად, საზოგადოების მონაწილეობით, სამართლებრივ და კონსტიტუციურ სივრცეში დარჩენით, რიგგარეშე არჩევნებამდე. ეს ერთ-ერთი შუალედური გზა შეიძლება იყოს, რაც აბსოლუტურად ლოგიკურია. ერთადერთი ლეგიტიმური ინსტრუმენტი არსებობს, როდესაც ერთმანეთს შუბლით ეჯახები და გამოსავალი არ არის, უნდა გაიხედო გვერდით და თქვა - მოდი, ხალხმა გადაწყვიტოს“, - თქვა უგულავამ.

ეკა ბესელიას თქმით: 

"პლებისციტი არ უნდა იყოს არჩევნების დანიშვნის მოთხოვნის ალტერნატივა. ეს თუ არის განხილული, როგორც გზა, ერთ-ერთი ვერსია, როგორ უნდა დაინიშნოს არჩევნები, ესეც საკამათოა. არ უნდა მოხდეს ისე, რომ ეს სატყუარად იქცეს". 

"ოპოზიცია კვლავ ერთიანია. ჩვენ ვმსჯელობთ, გამოვთქვამთ მოსაზრებებს, რომელი გზა ჯობია ვადამდელი არჩევნების მოსაპოვებლად, რა გზა უფრო მოკლეა და ა.შ ასე რომ, განხეთქილება არანაირი არ არის". - ამბობს ნინო ბურჯანაძე. 

ლელოს ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის თქმით, მთავარი არის ის, რომ ძირითად მოთხოვნებთან დაკავშირებით თანხმობაა. 

"ის, რომ კონკრეტულ პუნქტთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა, არის ჯანმრთელი პროცესი". -აცხადებს ჯაფარიძე. 

შეხვედრის დაწყებამდე გიგი უგულავამ თქვა, რომ ოპოზიციამ ფასილიტატორ ელჩებს წერილობითი ფორმით წარუდგინა წინადადებები, რომელშიც საუბარია რიგგარეშე არჩევნებზე ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში, ასევე პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე. უგულავამ თქვა, რომ ეს დოკუმენტი არის ერთგვარი რუკა, რომელშიც კრიზისიდან გამოსვლის გზებზე არის ლაპარაკი. 

ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, ასევე თქვა, რომ ახლა ჯერი ქართულ ოცნებაზეა და რომ ოპოზიცია მმართველი გუნდისგანაც პასუხს წერილობით ელოდება. 

ოპოზიცია 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევს და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს. პარტიები რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვენ შეცვლილი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში, ასევე მათი მოთხოვნა არის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში მოლაპარაკებების 2 რაუნდი უკვე შედგა, თუმცა უშედეგოდ. როდის გაიმართება მესამე რაუნდი, უცნობია. 


close დახურვა