logo
ENG



კაპანაძე ღარიბაშვილის განცხადებაზე: ამ რიტორიკით 20 ივნისის ლაქის ჩამოშორება სურთ

09 ივნ 202013:16
3 წუთის საკითხავი
 

საპარლამენტო ოპოზიციაში თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ 20 ივნისისა და ამერიკის მოვლენებს შორის პარალელის გავლებას ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ მინისტრმა ჯობს ჯარს მიხედოს.

„ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ 20 ივნისი ხელისუფლების ლაქაა.

„საუბარია აჯანყებაზე, ამბოხებაზე, ხელისუფლების დამხობაზე... ამ დროს ჩვენი ამოცანაა მშვიდობიანად ხელისუფლების შეცვლა და რაც არ უნდა ისაუბროს ამაზე ვოლსკიმ, ღარიბაშვილმა და „ქართული ოცნების“ სხვა წევრებმა, მიზანს ვერ მიაღწევენ. დიდი ლაქა აქვთ 20 ივნისის სახით და ამ რიტორიკით, საუბრით სურთ ამ ლაქის ჩამოშორება. ეს ლაქა ჩამოუშორებელია“, - განაცხადა კაპანაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გრიგოლ ვაშაძე კი მიიჩნევს, რომ მისი თანაპარტიელი ნიკა მელია, რომელიც ღარიბაშვილმა 20 ივნისის მოვლენებში დესტრუქციულობაში დაადანაშაულა, აბსოლუტურად უდანაშაულოა.

„სასამართლოს საქმეებში ჩარევა, არავის საქმე არ არის. ღარიბაშვილმა ჯობს საქართველოს ჯარს მიხედოს და გააგრძელოს ის გზა, რომელსაც 9 წელიწადი „ნაციონალურმა მოძრაობის“ ხელისუფლებამ საქართველოს შეიარაღებული ძალები ატარა. რაც შეეხება ნიკა მელიას გარეთ ყოფნას, სასამართლომ სწორი გადაწყვეტილება მიირო, იმედი მაქვს, პროცესის დასრულებისას მას სრულად გაამართლებენ“, - განაცხადა ვაშაძემ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე საპროტესტი გამოსვლებს აფასებს და პარალელს საქართველოში, 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან ავლებს. განცხადება მინისტრმა „პალიტრანიუსის“ ეთერში გააკეთა.


close დახურვა