logo
ENG



კაფე მთვრალი ალუბალი: ჩეხ ტურისტებს, რომლებიც ჩვენთან იმყოფებოდნენ, კორონავირუსი დაუდგინდათ

16 მარ 202010:30
3 წუთის საკითხავი
 

კაფე „მთვრალი ალუბალი“ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ მათ კაფეში მყოფი 6 ჩეხი ტურისტიდან 3 მათგანი კორონავირუსით არის დაინფიცირებული. 

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ინფორმაცია კაფეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან მიაწოდეს.

„ძვირფასო სტუმრებო,

დღეს დაგვირეკეს დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან და შეგვატყობინეს, რომ 4 მარტს გუდაურში ჩამოვიდა 6 ჩეხი ტურისტი, რომელთაგან 3-ს დღეს აღმოაჩნდა კორონა ვირუსი. ამ ტურისტებმა გამოკითხვის დროს აღნიშნეს, რომ თავიანთი ვიზიტის განმავლობაში ყოველ დღე დადიოდნენ რესტორან მთვრალ ალუბალში Mtvrali Alubali. Drunk Cherry.. 2 ჩვენი თანამშრომელი მაღალი სიცხით ელოდება კატასტროფის ბრიგადას ...

ვინც ამ დღეებში იყავით "მთვრალ ალუბალში", გთხოვთ, იზრუნოთ თქვენს და თქვენი გარშემომყოფების ჯამრთელობაზე, გთხოვთ, რომ მიმართოთ კონსულტაციისთვის სამედიცინო დაწესებულებას...

იმედს ვიტოვებ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და არავის არაფერი არ აღმოგვაჩნდება...

გისურვებთ ჯანმრთელობას“, - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც „ფორმულას“ „მთვრალი ალუბლის“ მენეჯერმა მიმი ხუტაშვილმა განუცხადა, ამჟამად, კაფეში მომუშავე დაახლოებით 20 ადამიანი თვითიზოლაციაშია.

„გუშინ დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ საქართველოდან წასულ ექვს ჩეხ ტურისტს ჩავიდნენ თუ არა, კორონავირუსი დაუდგინდათ. გვითხრეს, რომ ისინი ჩვენს რესტორანში დადიოდნენ სისტემატურად. ახლა 20 კაცი დაახლოებით თვითიზოლაციაში ვართ. 2 ადამიანი წაიყვანეს ჩვენგან“, - განაცხადა ხუტაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემიად გამოაცხადა. საქართველოში ვირუსით ოფიციალურად ინფიცირებულია 33 პირი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 637 პირი.

 

 

 

 

 


close დახურვა