რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან ოპოზიციის საპროტესტო აქციის დაწყებამდე კაცი შეუძლოდ გახდა, სასწრაფოს მოსვლის შემდეგ კი გარდაიცვალა. ექიმები მას სამედიცინო დახმარებას ადგილზე უწევდნენ.
მომხდარს ფეისბუქზე გამოეხმაურა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე, რომელიც უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს და ამბობს, რომ სასწრაფო დახმარება 40 წუთის განმავლობაში ვერ მივიდა ადგილზე.
"ძალიან ვწუხვარ და ვიზიარებ ახლობლების ტრაგედიას. აქციაზე შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა ერთი ადამიანი. საშინლად განვიცდით და მართლა უმძიმესი ტრაგედიაა. იმედზე ეს ტრაგედიაც პროპაგანდისთვის გამოუყენებიათ.
მე და ჩემთან ერთად 30 მდე ადამიანი შევესწარით, როცა 40 წუთის განმავლობაში სასწრაფო დახმარება ვერ მოვიდა. 40 წთ ვევედრებოდით პატრულს სასწრაფო დახმარების მანქანა დროზე მოსულიყო. ექიმმა, ვინც აქციაზე იყო ხელოვნური სუნთქვით აცოცხლა ადამიანი, სანამ ექიმები ფეხით არ მოვიდნენ. ფეხით (!!!) იმიტომ, რომ უკანა მხარეს სასწრაფომ ვერ მოაღწია. რატომ არ იდგა ამხელა აქციაზე სასწრაფო დახმარების მანქანა", - წერს ის.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.