კახეთში პირველი გამოვლენილი კორონავირუსით დაინფიცირებული სასწრაფო სამედიცინო დახამრების ცენტრში 4 დღეში ერთხელ მორიგეობდა და ბოლო კვირებში გამოძახებებზეც აქტიურად დადიოდა. 50 წლამდე ქალი პარალელურად "ევექსის" კლინიკაშიც მუშაობდა. ვისთან დადიოდა გამოძახებებზე დაინფიცირებული და რამდენ პაციენტთან ჰქონდა შეხება - ეს კონტაქტები დადგენილია და მათ უკვე იკვლევენ. თუმცა გაურკვეველი რჩება რამდენ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი ექიმს სამსახურს გარეთ. უცნობია მისი დაინფიცირების წყაროც. აქედან გამომდინარე, ყვარლის რაიონში შესაძლოა მკაცრი საკარანტინო რეჟიმი დაწესდეს.
დაინფიცირებული მედიკოსების რიცხვი გაიზარდა მარნეულშიც. კორონავირუსი დაუდასტურდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების 8 ექიმსაც, საიდანაც 5 მარნეულის მცხოვრებია, ხოლო - 3 თეთრიწყაროში ცხოვრობს.
ბოლნისის რაიონ სოფელ მუშევანიდან კლინიკაში უკვე გადაიყვანეს კორონავირუსით დაინფიცირებული ის პირები, რომლებმაც გუშინ საღამოს მკურნალობაზე უარი თქვეს. ექიმებს და პოლიციას ადგილობრივებთან ერთად ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. მომხდარ ინციდენტზე გამოძიებაც დაიწყო.
მარნეულის და ბოლნისის რაიონები 23 მარტიდან ჩაკეტილია. დადასტურებულ შემთხვევებს შორის 13 პროცენტი სამედიცინო პერსონალია.