logo
ENG



კახიძე ქადაგიძეზე: იგი ვერ იქნება დამოუკიდებელი მართლმსაჯულების გარანტი

11 მარ 202014:15
3 წუთის საკითხავი
 

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის  კანდიდატს ნინო ქადაგიძეს საპარლამენტო ოპოზიციის მხარდაჭერა არ ექნება, ოპოზიცია მას განიხილავს სასამართლო კლანის რჩეულად.

„ევროპულ საქართველოში“ ბრიფინგზე წარმოადგინეს ნინო ქადაგიძესთან გასაუბრების ვიდეოჩანაწერი და ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს კვალიფიკაციის პრობლემები აქვს.

„ის ვერ იქნება დამოუკიდებელი მართლმსაჯულების გარანტი. მეორე მიზეზი გახლავთ მისი კომპეტენცია - გასაუბრებებმა აჩვენა, რომ ის დამაჯერებელ პასუხს ვერ სცემს ისეთ ელემენტარულ საკითხებზე, როგორიცაა აბსოლუტური უფლებები, მირანდას კატალოგი, არჩევითი და ლიბერალური დემოკრატია, სეკულარიზმის პრინციპები და ა.შ.", - განაცხადა ოთარ კახიძემ.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ კი იმაზე ამახვილებენ ყურადღებას, რომ ხელისუფლებამ ძლიერ წნეხს ვერ გაუძლო და ქადაგიძის დანიშვნით თავიდან აიცილა თადუმაძესთან დაკავშირებით კრიტიკის მორიგი ტალღა.

თადუმაძეს რეპრესიული უფლებები გაუძლიერეს და ამიტომ ახლა მოერიდნენ ზედმეტ გაღიზიანებას, დანიშნეს ქადაგიძე, რომელიც არის კლანის მოსამართლე და იყო პირველ გახმაურებულ ათკაციან სიაშიც, რომელმაც დიდი ხმაური გამოიწვია", - აცხადებს რომან გოცირიძე.

დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ არჩეული მოსამართლეები არიან რეჟიმს დაქვემდებარებულნი და, მისივე თქმით, ეს ადამიანები შემდეგ მთავრობასაც ისე გაუწევენ სამსახურს, როგორც „ქართულ ოცნებამდე“ მთავრობას ემსახურებოდნენ.

„არავინ ამ მოსმართლეებიდან დამოუკიდებელი არაა და სულ იყვნენ ხელისუფლების მსახურები - როგორც კი ხელისუფლება შეიცვლება, ვნახავთ მათ გადაწყვეტილებებს, რას დაარქმევენ ოცნების უმსგავსო საქციელებს  - შემდეგაც იარსებებს ვინმე, ვინც იტყვის, მაშინ ცუდ საქმეებს აკეთებდნენ, ახლა კარგ საქმეებსო", - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

ზაზა ხუციშვილი კი ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილებები ინდივიდუალური პრინციპით უნდა მიღებულიყო, თუმცა პირიქით მოხდა და ეს ფაქტი მრავალ კითხვას ბადებს.

„პროპორციულ სიასთან და მოსამართლეებთან დაკავშირებით რა შეთანხმებებიც იყო, რომ მოსამართლეებთან იქნებოდა ინდივიდუალური გადაწყვეტილებები, პროპორციულთან კი გუნდური - პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ მოხდა პირიქით. ეს უკვე ეჭვებს ბადებდა", - განაცხადა ზაზა ხუციშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ იუსტიციის საბჭომ ნინო ქადაგიძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად  დაასახელა.


close დახურვა