logo
ENG



კვლევა: კრიზისის გამო, თვიდასაქმებულების ოჯახების ნახევარი, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ აღმოჩნდა

15 აპრ 202010:48
3 წუთის საკითხავი
 
a6jdgybdph2ho08.png

ეკონომისტებმა ირაკლი ყიფიანმა და დურუ მახარაძემ მორიგი კვლევა ჩაატარეს. ამჯერად მათ დაადგინეს, პანდემიის პირობებში კრიზისის დროს ოჯახების რა ნაწილი აღმოჩნდება სიღარიბის ზღვარს ქვემოთ. 

კვლევის შედეგების მიხედვით ირკვევა, რომ კრიზისის პერიოდში, თვითდასაქმებული ოჯახების თითქმის ნახევარი - 46%, აღმოჩნდა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ, ჯამში კი 165 000 ოჯახი.

უფრო ზუსტად კი კრიზისის პერიოდში, მთლიანი მოსახლებიდან, ოჯახების 31.4%-36.5% აღმოჩნდება სიღარიბის ზღვარს ქვემოთ. ჯამში, 376 ათასი - 436 ათასი ოჯახი.

კვლევის ფარგლებში საქართველოს ხელისუფლების მიმართ გაცემულია კონკრეტული რეკომენდაციაც. ეკონომისტების განმარტებით საქართველო კრიზისს შეხვდა მოუწესრიგებელი ბაზებით, რომლითაც ხელისუფლებას არ ეძლევა შესაძლებლობა, იდენტიფიცირება გააკეთოს, ვინ დაზარალდა კრიზისის შედეგად; არ არის აღწერილი, საგადასახადო კუთხით, თვითდასაქმებულების შემოსავლები.

"კრიზისის პერიოდში შეუძლებელ ამოცანას წარმოადგენს ბაზების დალაგება და კრიზისისგან დაზარალებულების ზუსტი იდენტიფიცირება. ამიტომ, სოციალური პოლიტიკა უნდა დაეფუძნოს გამორიცხვის მეთოდს, თუ ვის არ ეკუთვნის და არა, ვის ეკუთვნის, დახმარება. თუ ჩვენ წავალთ ამ მეთოდით, რომ გამოვრიცხოთ, ვის არ ეკუთვნის, შესაძლებელი გახდება მაღალშემოსავლიანი ჯგუფების და საჯარო მოხელეების გამოკლება. ამ მიდგომით, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მიიღებს ფულად დახმარებას და ეს გამორიცხავს, რომ დახმარების გარეშე დარჩენენ კრიზისით დაზარალებული ოჯახები",-აღნიშნულია დოკუმენტში.


close დახურვა