logo
ENG



ირაკლი ყიფიანი: თუ დონორების თანხების გამოყენება მიზნობრივად არ მოხდა, შედეგად სიღარიბეში დარჩენილ ქვეყანას მივიღებთ

08 მაი 202020:35
3 წუთის საკითხავი
 

„ქვეყანას საგარეო ვალები ეზრდება, თუმცა უმცირდება კრიზისიდან გამოსვლის შანსები,“ - ექსპერტების აზრით, თუ დონორების თანხების გამოყენება მიზნობრივად არ მოხდა, შედეგად ვალს და სიღარიბეში დარჩენილ ქვეყანას მივიღებთ.

საგარეო ვალის აღების ნაცვლად, მთავრობას ექსპერტები ბიზნესისთვის საგადასახადო შეღავათების ამოქმედებისკენ მოუწოდებენ. ტურიზმით ეკონომიკის გადარჩენის მოლოდინი კი შეცდომაა ოპოზიციისთვის. ახლა პოლიტიკური პარტიები კორექტირებულ ბიუჯეტს ელოდებიან, მთავრობის ზეპირი პრეზენტაციიდან მოსმენილი დოკუმენტი ოპოზიციის ნდობას არ იმსახურებს.

„თუ აღებული ვალები არ დავხარჯეთ კონკრეტული რეფორმების დასაფინანსებლად, საბოლოოდ მივიღებთ სიღარიბეში დარჩენილ ქვეყანას დამატებითი ვალებით“ - აცხადებს ეკონომიტი ირაკლი ყიფიანი.

ეკონომისტები საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგან გამოყოფილი თანხების ეფექტურ ხარჯვას მოითხოვენ. სპეციალისტები პრინციპულად არასწორს უწოდებენ მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც გარკვეული ბიზნესსექტორების წახალისება უნდა მოხდეს. მათ მიაჩნიათ, რომ თანხის ცალკეულ სფეროებში მხოლოდ ფასადურ ცვლილებებს მივიღებთ, რეალური სურათი კი არ შეიცვლება. 

ეკონომისტთა ნაწილისთვის ბუნდოვანია ის პირობები რომლითაც ქვეყანა საგარეო ვალს აიღებს. რამდენად მძიმე ტვირთად დააწვება მოსახლეობას მთავრობის გადაწყვეტილება, მათ არც ამ კითხვაზე აქვთ პასუხი. სფეროს ექსპერტები უფრო მართებულად მიიჩნევდნენ, რომ მთავრობას ბიზნესისთვის საგადასახადო შეღავათები აემოქმედებინა. 

ექსპერტების მსგავსად ხელისუფლებისგან უფრო გონივრულ და გაბედულ ნაბიჯებს ელოდნენ სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებიც. ანა დოლიძემ ხელისუფლების მიერ გუშინ წარმოდგენილ ტურიზმის სტიმულირების გეგმას უკან გადადგმული ნაბიჯი უწოდა.

პანდემიის შემდეგ ტურიზმის სექტორზე დიდი იმედების დამყარება რომ მომგებიანი არ იქნება, ამას ოპოზიციური პარტიებიც ამბობენ. ისინი ხელისუფლების გადაწყვეტილებას პოპულისტურ ნაბიჯად მიიჩნევენ. 

„ქართული ოცნების“ გეგმები ყოფილ თანაგუნდელებისთვისაც ბუნდოვანია. მათ მიაჩნიათ, რომ მთავრობას ეკონომიკური გეგმა გლობალურად უნდა წარმოედგინა. ტურიზმის სექტორში დასაქმებულთა დიდი ნაწილი კი ფიქრობს, რომ სამსახურს დაკარგავს.

კორექტირებულ ბიუჯეტს ელის საპარლამენტო ოპოზიცია. იქამდე სანამ ოფიციალურ დოკუმენტს არ გაეცნობიან, ხელისუფლების დაპირების რეალისტურობის არ სჯერათ. 

პრემიერ-მინისტრი ამ კვირაში საზოგადოებას კიდევ რამდენიმე დარგის სტიმულირების გეგმას გააცნობს, თუმცა ამ დრომდე უცნობია, როდის აისახება გეგმები კორექტირებულ ბიუჯეტში.


close დახურვა