კიევში საქართველოს საელჩოსთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები საპროტესტო აქციებს აწყობენ. ისინი მესამე პრეზიდენტის გათავისუფლებას მოითხოვენ. აქციის მონაწილეები საელჩოს დროშებითა და ბანერებით მივიდნენ. ისინი სკანდირებენ "თავისუფლება მიშას", "თავისუფლება სააკაშვილს".
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს, თბილისში დააკავეს. ის მე-13 დღეა ციხეში შიმშილობს.
როგორც ცნობილია, სააკაშვილი საქართველოში დაკავებამდე ოთხი დღით ადრე ჩამოვიდა და რამდენიმე ქალაქში იმყოფებოდა.
მისმა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ 12 ოქტომბერს განაცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.
უფლებადამცველებმა ის ციხეში მოინახულეს, გამოსვლის შემდეგ კი თქვეს, რომ სააკაშვილს გადაადგილებასა და მეტყველებასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს, ასევე დაუსივდა ფეხებიც.