logo
ENG



კილაძე ნინოწმინდის პანსიონზე: გაეროს წესებით მეკრძალება ნებისმიერ გადაწყვეტილებაში ჩართვა

03 ივნ 202112:26
3 წუთის საკითხავი
 

გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის წევრი სოფო კილაძე ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონზე კომენტარს არ აკეთებს.

როგორც პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარემ ფორმულასთან საუბრისას განაცხადა, მას ეკრძალება საქართველოს საკითხებზე პირდაპირ ან ირიბად კომენტარის გაკეთება.

სოფო კილაძე არ პასუხობს კითხვას, არის თუ არა კომიტეტი ინფორმირებული სისხლის სამართლის ოთხ საქმეზე, რომლებიც ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებითაა აღძრული.

„მე გაეროს წესებით მეკრძალება ნებისმიერ გადაწყვეტილებაში პირდაპირ ან ირიბად ჩართვა, რომ არ დაირღვეს ნეიტრალურობის პრინციპი. მათ შორის კომენტარების გაკეთება ირიბად ჩართვას ნიშნავს, რომელიც საქართველოს ეხება. ნებისმიერი საკითხზე, რომელიც გადაწყვეტილების ირგვლივ არის, უნდა ვიყოთ კომიტეტის წევრები აბსოლუტურად ნეიტრალურები", - ამბობს სოფო კილაძე. 

სოფო კილაძე გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის წევრად 2020 წლის ნოემბერში აირჩიეს.

ომბუდსმენმა 2021 წლის 15 აპრილს გამოაქვეყნა განცხადება, რომ 2020 წლის ივნისიდან მათ წარმომადგენლებს ნინოწმინდის პანსიონში არ უშვებენ. ეს გადაწყვეტილება სხალთელმა ეპისკოპოსმა სპირიდონმა მიიღო და ომბუდსმენს შეურაცხყოფაც მიაყენა

პანსიონში არ უშვებდნენ სახელმწიფოს წარმომადგენელ სოციალურ მუშაკსაც. ერთადერთი სოცმუშაკი დაწესებულებაში, რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, 14 მაისს შევიდა. 

2 ივნისს ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ პანსიონში ბენეფიციარების მიმართ სავარაუდო ძალადობასთან დაკავშირებით ბოლო წლების განმავლობაში არაერთი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.  მისივე განცხადებით, პროკურატურა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში გაუპატიურების საქმესაც იძიებს. 

ოფოციალური ინფორმაციით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში 57 ბავშვი ცხოვრობს, მათგან ყველაზე უმცროსი - 5 წლის. თუმცა, როგორც მეუფე სპირიდონისგან ირკვევა, პანსიონში 150-მდე ბავშვია.

ომბუდსმენმა განაცხადა, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლები იყვნენ ნინოწმინდის მე-4 საჯარო სკოლაში, თუმცა იქ პანსიონიდან არცერთი ბავშვი არ გამოცხადებულა, რაც მიუთითებს, რომ სახელმწიფო უწყებების მხრიდან დაწესებულებას ინფორმაცია ჰქონდა სახალხო დამცველის მოსალოდნელი ვიზიტის შესახებ. 

ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის მიმართვის საფუძველზე, გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტმა 7 მაისს გამოსცა დროებითი ღონისძიება, რითაც სახელმწიფოს დაავალა, დაუყოვნებლივ უზრუნველეყო შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოების მიერ ნინოწმინდის პანსიონში ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის შემოწმება. 

თუმცა, სახელმწიფოს ეს მოვალეობა ამ დრომდე არ შეუსრულებია.

 

 


close დახურვა