აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს კომუნიკაციების კოორდინატორის, ჯონ კირბის განცხადებით, აშშ მზადაა უკრაინისთვის იარაღის მიწოდება გააგრძელოს.
"აშშ მზადაა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის იარაღის მიწოდება გააგრძელოს, რომელიც მათ ბრძოლის ველზე წარმატების მისაღწევად სჭირდებათ. და ისინი [უკრაინელები] ძალიან წარმატებულები იყვნენ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში", - თქვა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს კომუნიკაციების კოორდინატორმა.
კირბის თქმით, აშშ მუშაობს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად მთელ მსოფლიოში, რათა მოიპოვოს დაზიანებული ობიექტების აღდგენისთვის საჭირო სამხედრო აღჭურვილობა.
"აბსოლუტურად ამაზრზენია, რასაც ის [პუტინი] ამ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში აკეთებს. მისი სამიზნე ძირითადად, მშვიდობიანი მოქალაქეები არიან. ეს არის მცდელობა, რომ უკრაინელები დააჩოქოს, მაგრამ მას არ შეუძლია უკრაინელი სამხედროების დაჩოქება", - განაცხადა კირბიმ.
ბოლო თვეების განმავლობაში, რუსეთის არმიამ არაერთხელ განახორციელა მასიური დარტყმები უკრაინის ტერიტორიაზე. 23 ნოემბერს, რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად უკრაინის რეგიონებში ელექტროენერგია გაითიშა.