logo
ENG



კირთაძე: ყველაფერ იმის გათვალისწინებით, რაც გაააკეთეს, ნამდვილად არ იყო არჩევნები

31 ოქტ 202101:44
3 წუთის საკითხავი
 

ენმ-ის ბათუმის მერობის კანდიდატი, გიორგი კირთაძე ამბობს, რომ ქართული ოცნების ბრძოლის მეთოდები წინასაარჩევნო პერიოდში იყო დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. 

მიუხედავად ყველაფრისა, კირთაძის თქმით, ოპოზიცია იქცეოდა კონსტრუქციულად და "ძალიან კარგად მომზადებული გავიდა არჩევნებზე". 

თუმცა, კენჭისყრის დღეს მიიღო დაპირისპირება ყველა უბანზე. 

"რა მივიღეთ კენჭისყრის დღეს: დაპირისპირება პრაქტიკულად ყველა საარჩევნო უბანზე. ე.წ ძველი ბიჭების მობილიზება უბნებზე, რომლებსაც უკვე ბეიჯები ჩამოკიდეს. ფიზიკური დაპირისპირება მათ შორის ქალებთან, ჟურნალისტებთან, კომისიის წევრებთან და ა.შ 

როგორც კი საარჩევნო უბნები დაიხურა, ქართული ოცნება უფრო მასშტაბურ გაყალბებაზე გადავიდა. 

მაგალითად, ბიულეტენი, სადაც გადახაზულია ჩემი კონკურენტი, შემოხაზულია გიორგი კირთაძე და ეს ჩაითვალა ბათილად. ასეთი უამრავი ბიულეტინი იქნა ჩათვლილი ბათილად ქართული ოცნების მიერ დანიშნული კომისიის წევრების მიერ, მათ შორის, ვითომ დამოუკიდებელი წევრების მიერ. 

ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე მოხდა შემთხვევა, რომელიც ცხადყოფს, რა ხდებოდა მთელი დღის განმავლობაში - 83-ე საოლქო კომისიის ბიულეტინი იყო 37-ე საარჩევნო უბანზე". - თქვა გიორგი კირთაძემ.

მისი შეფასებით, ამ ფორმებით ქართული ოცნება და მის დაქვემდებარებაში მყოფი ცესკო და საოლქო კომისია ბათუმში ცდილობს, ხალხს წაართვას არჩევანის უფლება.

"ყველაფერ იმის გათვალისწინებით, რასაც აკეთებდნენ, რაც გააკეთეს და ახლა აკეთებენ, ეს ნამდვილად არ იყო არჩევნები. ჩვენ არ ვაპირებთ ბრძოლის შეწყვეტას და გავაგრძელებთ ყველა კონსტიტუციური მეთოდით".- თქვა მან. 

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ბათუმში ამ დროისთვის დათვლილია ხმების 76.19%. გიორგი კირთაძეს აქვს ხმების 48.911%, ქართული ოცნების კანდიდატს, არჩილ ჩიქოვანს - 51%. 

30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. 

არჩევნები მმართველი პარტიის წევრების მხრიდან ოპოზიციის წარმომადგენლებზე, კრიტიკული მედიების ჟურნალისტებსა და დამკვირვებლებზე ძალადობის ფონზე წარიმართა.

ხმაურია საოლქო საარჩევნო კომისიებშიც, სადაც ხმებს ითვლიან. 


close დახურვა