გაერთიანებული სამეფოს ელჩის საქართველოში მარკ კლეიტონის განცხადებით, რუსული კანონის მიღებისა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, რამდენიმე "საგრძნობლად მნიშვნელოვანი გარიგება... დაპაუზებულია". ამის შესახებ ელჩმა BM.GE-სთან ინტერვიუში ისაუბრა.
ელჩმა საქართველოსი ინვესტიციებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გაერთიანებული სამეფო ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორია ქვეყანაში. მან აღნიშნა, რომ მღელვარებისა და არასტაბილურობის ფონზე, რაც რუსულმა კანონმა მოუტანა საქართველოს, ბრიტანული კომპანიების ღირებულება ასეული მილიონობით ფუნტით შემცირდა.
"ყველაზე მეტად, რაც ინვესტორებს აწუხებთ ძალადობისა და დაშინების ფაქტებია. ჩვენ დავგმეთ ასეთი ქმედებები, მაგრამ ბრიტანელი, ინსტიტუციური ინვესტორები უყურებენ რა ხდება ქვეყანაში, ისინი საკუთარ გადაწყვეტილებებს იღებენ და შეიძლება თანხა საერთოდ გაიტანონ ამის შემდეგ", - თქვა კლეიტონმა.
მისი განცხადებით, ინვესტორები აკვირდებიან საერთაშორისო პრესასაც, სადაც საქართველო "კარგად არ გამოიყურება".
"ისინი კითხულობენ არასტაბილურობის, ძალადობის, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დაშინების შესახებ. შედეგად, ისინი უფრთხილდებიან თავიანთ ინვესტიციებს. [...]
ფეხბურთს მიღმა, საქართველოს გაშუქება საერთაშორისო მედიაში პოზიტიური არ არის. ამას აქვს გავლენა. და ეს მე მაწუხებს. მაწუხებს, როგორც საქართველოს მხარდამჭერს, როგორც გაერთიანებული სამეფოს ელჩს საქართველოში, მაწუხებს, როგორც გავლენა ბრიტანულ კომპანიებზე. ყველაზე მძიმე მთელ ამ ამბავში ის გარიგებებია, რომლებიც შეიძლება შემდგარიყო და არ შედგა.
ზუსტად ვიცი, თუმცა დეტალებში ვერ შევალ, რამდენიმე საგრძნობლად მნიშვნელოვანი გარიგების შესახებ – ყველაზე რბილად რაც შეიძლება ამ ეტაპზე ითქვას ის არის, რომ ისინი დაპაუზებულია. არა მხოლოდ იმ რისკების გამო, რაც უკვე მოხდა, არამედ იმ რისკების გამოც, რაც შეიძლება ოქტომბრის არჩევნებს მოჰყვეს", - აღნიშნა ბრიტანეთის ელჩმა.