ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წერილში უკმაყოფილება გამოხატული არაა. ამის შესახებ მან პარლამენტში ჟურნალისტებთან ისაუბრა.
"ბლინკენის წერილში უკმაყოფილება არ არის გამოხატული. საუბარია იმაზე, რომ უნდა იყოს მაქსიმალური მხარდაჭერა, თან შესაძლო მაქსიმალური მხარდაჭერა, ეს არის პირდაპირ ნათქვამი... ბუნებრივია, ამას შეგახსენებს ნებისმიერი პარტნიორი. პირდაპირ წერია, შესაძლებლობების ფარგლებში, რომ მივიღოთ ყველა ზომა", - თქვა კობახიძემ.
23 მაისს, გავრცელდა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის წერილი ილია დარჩიაშვილისადმი, რომელიც 22 აპრილით თარიღდება.
წერილში, რომელიც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა, სახელმწიფო მდივანი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გადადგას ყველა ნაბიჯი უკრაინის მხარდასაჭერად.
"მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო პასუხს სცემს რუსეთის არაპროვოცირებულ და სასტიკ ომს უკრაინაში, მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, გადადგას ყველა შესაძლო ნაბიჯი უკრაინის მხარდასაჭერად და პასუხისმგებლობა დააკისროს რუსეთის ფედერაციას ომის დანაშაულებისთვის"- ამბობს ბლინკენი.
ამასთან, წერილში სახელმწიფო მდივანი ულოცავს ილია დარჩიაშვილს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას და აღნიშნავს, რომ აშშ კიდევ ერთხელ გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს.