ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, განიხილება საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებები, თუმცა მოლაპარაკებების პირობების გათვალისწინებით, ის მეტ დეტალზე ვერ ისაუბრებს.
ამასთან, როგორც კობახიძემ აღნიშნა, მმართველი გუნდის პოზიცია რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით უცვლელია და არჩევნების ჩატარებას საფუძველი არ აქვს.
"პოლიტიკურ პარტიებს აქვს განსხვავებული და სუბიექტური ინტერესები. იმედი გვაქვს, რომ პოზიციები დაახლოვდება. რაც შეეხება დათმობას, მგონი არასწორი სიტყვაა. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ არა დათმობების პრინციპით, არამედ იმ პრინციპით - რა სჭირდება ქვეყნის სწორ განვითარებას. დათმობა არ უნდა მოხდეს ქვეყნის ინტერესების ხარჯზე. ჩვენ ამ პრინციპით ვხელმძღვანელობთ და იმედი გვაქვს, რომ ოპოზიციამ ამით ხელმძღვანელობს. რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნებს ჩვენი პოზიცია არა ერთხელ დავაფიქსირეთ და იგივე პოზიცია გვქვს", - განაცხადა კობახიძემ.
მან კომენტარი ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალებასთან დაკავშირებითაც გააკეთა და აღნიშნა, რომ სისხლის სამართლის საქმეების გამოძიება შესაბამისმა ორგანოებმა უნდა ჩაატარონ.
კობახიძემ კიდევ ერთხელ გამოთქვა, იმედი რომ ოპოზიცია პარლამენტში შესვლის გადაწყვტილებას მიიღებს.
"რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმეებს აქაც მკაფიო პოზიცია გვაქვს. ასეთი საქმეები უნდა გამოიძიონ იმ ორგანოებმა ვისი ფუნქციაც ეს არის. როდესაც საუბარია ადამიანის გარდაცვალებაზე, უნდა დაადგინონ იყო თუ არა კავშირში შანტაჟს, ზეწოლასა, მკვლელობასა და გარდაცვალებას შორის...
განიხილება საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებები, მაგრამ დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ.
ჩვენ წინასწარ ვერ გვექნება მოლოდინი რვავე პარტიასთან დაკავშირებით, მაგრამ იმედი გვაქვს 8-ვე პარტია მიიღებს ამ გადაწყვეტილებას. თუმცა, ყველა შემთხვევაში, რვა იქნება, შვიდი თუ ექვსი, დარწმუნებული ვარ მომავალ წელს ყველა დეპუტატით იქნება წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტი. ჩვენ გვაქვს ინსტრუმენტები, რომ მეტი შანსი მივცეთ დროის თვალსაზრისით პოლიტიკური პარტიებს, რომ ჩამოყალიბდნენ საკუთარ პოზიციაზე საქართველოს პარლამენტში შესვლაზე", - ამბობს კობახიძე.
ოპოზიციამ და ხელისუფლებამ შეხვედრაზე ის 4-პუნქტიანი გეგმა განიხილეს, რომელიც ოპოზიციამ ხელისუფლებას შესთავაზა და რომლის ერთ-ერთი პუნქტიც რიგგარეშე არჩევნების შესახებ პლებისციტის ჩატარებაა.
4 დეკემბერს ოპოზიციამ ფასილიტატორ ელჩებს წერილობითი ფორმით წარუდგინა წინადადებები, რომელშიც საუბარია რიგგარეშე არჩევნებზე ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში, ასევე პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე.
ქართული ოცნების დეტალური პოზიცია ოპოზიციის შეთავაზების თაობაზე საჯაროდ ცნობილი არაა. მმართველი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ფეისბუქზე დაწერა, რომ რიგგარეშე არჩევნები არ განიხილება.
თუმცა, დღეს შეხვედრის დაწყებამდე პარტია მოქალაქეების ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა თქვა, რომ ხელისუფლების მხრიდან კომპრომისის შანსი არსებობს.
რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ოპოზიცია ითხოვს, ვინაიდან 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევს და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს.
თუ ოპოზიციის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება და მათი ბოიკოტიც ძალაში დარჩა, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ერთპარტიული პარლამენტი შეიკრიბება.