logo
ENG



კობახიძე: ოქმებში უზუსტობების მიზეზი, 95%-ზე მეტ შემთხვევაში, ადამიანური შეცდომებია

03 ნოე 202023:17
3 წუთის საკითხავი
 
mjbinrd2iieqioz.jpg

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელ ოქმებში აღმოჩენილი უზუსტობების მიზეზი, უმეტეს შემთხევაში, ადამიანური შეცდომებია. მისი თქმით, ბიულეტენების გადათვლის შემთხვევაში, საბოლოო შედეგი დაემთხვევა ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებულ წინასწარ შედეგებს, რადგან, მისი თქმით, ასეთი იყო არჩევნებზე მოსახლეობის განწყობა და სხვადასხვა ტელევიზიების მიერ ჩატარებული ეგზიტპოლებიც სწორედ ამას მოწმობს. 

"ეს არის ჩვეულებრივი პროცესი, ოქმები ზუსტდება ყველა მიმართულებით და ეს ხდება ყველა არჩევნებზე და ამას მოყვა უამრავი სპეკულაცია, რასაც არანაირი საფუძველი არ ჰქონდა. ოქმები ზუსტდება სხვადასხვა მიმართულებით. მაგალითად, არის ოქმები, რომელშიც ქართულ ოცნებას აკლია 200 ხმა. რა თქმა უნდა, ზუსტდება აქეთაც და იქითაც ოქმები, სადაც არის უზუსტობები. 

95%-ზე მეტ შემთხვევაში ეს იყო ადამიანური შეცდომები, უზუსტობები, თუმცა მარნეულის შემთხვევა ახსენეთ და იქ არ არის ეს ტექნიკური შეცდომა, იქ არის აშკარა მანიპულაცია, რაც იკვეთება, კონკრეტული წარმომადგენლების მიერ, რომლებიც იყვნენ საუბნო საოლქო კომისიებში, რაც არის უხეში გადაცდომა, კანონდარღვევა და ამით, ბუნებრივია, ყველა უნდა დაინტერესდეს. მაგრამ უმეტეს, 95%-ზე მეტ შემთხვევაში, ეს იყო ადამიანური შეცდომა", - ამბობს ირაკლი კობახიძე. 

პარლამენტის ყოფილი სპიკერის მტკიცების მიუხედავად, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს აკვირდებოდნენ, მრავალი უბნის შედეგების გადათვლას ითხოვენ. 

ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნები (ISFED), რომელმაც საარჩევნო ხმები პარალელურად დაითვალა, აცხადებს, რომ მათ მიერ მიღებულ შედეგებში სხვაობა 3-4%-ია. ორგანიზაციამ გამოავლინა მნიშვნელოვანი დარღვევები, მათ შორის, დისბალანსი ოქმებს შორის. ISFED აცხადებს, რომ ეს დარღვევა უბნების 8%-ში გამოვლინდა, რისი შედეგებზე შესაძლო მაქსიმალური გავლენა იქნებოდა მაქსიმუმ 4.1%. მათი თქმით, აუცილებელია მოხდეს იმ უბნების შედეგების გადათვლა, რომელთა შემაჯამებელ ოქმებშიც დისბალანსი დაფიქსირდა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) წარმომადგენლებმა, არჩევნებზე დაკვირვების და მონიტორინგის შედეგად, საოლქო კომისიებში 307 საჩივარი წარადგინეს. მათგან 131 საჩივარი კენჭისყრის ან/და ხმის დათვლის პროცედურის დარღვევას შეეხება, ხოლო 173 უბანთან მიმართებით საია შემაჯამებელ ოქმებში დაფიქსირებულ დარღვევებზე დავობს. ორგანიზაცია 117 საარჩევნო უბნის შედეგების ხელახლა გადათვლას ითხოვს. 

თავად ორგანიზაციის თავმჯდომარე, სულხან სალაძე დღეს ფორმულაში აცხადებდა, რომ შემაჯამებელ ოქმებში აღმოჩენილ უზუსტობებს სავსებით შესაძლებელია გავლენა მოეხდინა არჩევნების შედეგებზე. 

"ეს ხომ მხოლოდ პროპორციული არჩევნები არ იყო, ერთმა, ორმა და ათმა ხმამ, შესაძლოა, გადამწყვეტი გავლენა მოახდინოს მაჟორიტარი კანდიდატებისთვის. ამიტომაც თითოეული დარღვევის გადათვლა არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. ოცნების მიერ პირველ ტურში მოგებული მაჟორიტარული ოლქების ნაწილი ძალიან ახლოს იყო 50%-იან ზღვართან. ამან შეიძლება სიტუაცია კარდინალურად შეცვალოს და მეორე ტურები მოიტანს ასეთ ოლქებში.

წელს რა აცდენაც ვნახეთ, [ხმების] მატების ნაწილში, მე არ მახსენდება ბოლო წლებში ასეთი არჩევნები ", - ამბობს სალაძე. 

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს შეფასებით კი, პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები წინა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, უკან გადადგმული ნაბიჯი იყო.

ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ჯამში 170 დარღვევა დააფიქსირეს და 46 საჩივარი დაწერეს.

ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებულ წინასწარ შედეგებს აპროტესტებს ოპოზიციაც, მათი შეფასებით, არჩევნები გაყალბდა. ოპოზიციური პარტიები ერთხმად უცხადებენ ბოიკოტს პარლამენტს და საპროტესტო აქციებს აანონსებენ. 


close დახურვა