logo
ENG



კობახიძე ოპოზიციაზე:კენჭისყრაში მონაწილეობა მათი პოლიტიკური პასუხისმგებლობაა

29 ივნ 202011:21
3 წუთის საკითხავი
 

პქართული ოცნების ერთერთი ლიდერი ირაკლი კობახიძე დეპუტატებს საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. 

„დღეს უკვე მესამე მოსმენით წარვადგინეთ იურიდიულ კომიტეტში ცვლილებების პროექტი. დღეს ამ პროექტს მხარდაჭერა ექნება იმ დეპუტატების მხრიდან, რომლებმაც ხმა მისცეს ცვლილებებს მეორე მოსმენის დროს, აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ, რომ ასეთი მყარი მხარდაჭერით მიღებული იქნება საკონსტიტუციო ცვლილებები, რაც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი ქართული დემოკრატიისათვის.

კიდევ ერთხელ მინდა, მოვუწოდო ყველა დეპუტატს, რომ მხარი დაუჭირონ ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ "ევროპული საქართველოსა" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრები. „ევროპულმა საქართველომ“ სააკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი  და ხელისუფლებას დრო მისცა რვა მარტის შეთანხმების სრულად შესასრულებლად - გიორგი რურუას პატიმრობიდან გასათავისუფლებლად. 

8 მარტის შეთანხმების მეორე ნაწილი პოლიტიპატიმრების გათავისუფლებას ეხებოდა. 15 მაისს პრეზიდენტმა ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა. თუმცა, რურუა ამ დრომდე პატიმრობაში რჩება.

„ეს არის მათი პოლიტიკური პასუხისმგებლობა, მათ არაერთგზის მოუწოდეს ელჩებმა, რომ მხარი დაეჭირათ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის, მაგრამ ისინი ღიად უპირისპირდებიან ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს, ელჩებს. ბუნებრივია მათ დაეკისრება მძიმე პოლიტიკური პასუხისმგებლობა. მათ კიდევ აქვთ შანსი გამოასწორონ ეს შეცდომა, თუმცა არამგონია რომ ამაზე ისინი ფიქრობდნენ“,-აცხადებს კობახიძე. 

საქართველოს პარლამენტში რიგგარეშე სხდომაზე საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან საკონსტიტუციო ცვლილებებზე საბოლოო კენჭისყრა დღეს გაიმართება.

ცვლილებების თანახმად, არჩევნები მანდატების 120/30 გადანაწილებით ჩატარდება, ხოლო ბარიერი 1%-იანი იქნება. 

კენჭისყრაში მონაწილეობას არ აპირებენ „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, რომლებიც კანონპროექტს ხმას საპატიმროდან „მთავარი არხის“ მეწილის, გიორგი რურუას გამოშვების შემდეგ მისცემენ.

ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისინი ცვლილებებისთვის საჭირო 116 დეპუტატის ხმის მობილიზებას შესძლებენ.


close დახურვა