ქართული ოცნების პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ ნივთიერება, რომელიც წყლის ჭავლში იყო გარეული 2007-2009 წლებშია შეძენილი და თეორიულად შს ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილისა და შს ყოფილი მაღალჩინოსნის შოთა უტიაშვილის პასუხისმგებლობაზე საუბრობს.
"სკანდალი უკვე ჩაშლილია. რაც შეეხება გამოძიებას, გამოძიება სხვადასხვა მიმართულებით წარიმართება. მათ შორის, ეროვნული ინტერესების საზიანო საქმიანობაში ვინ იყო ჩართული, შეგნებულად ავრცელებდნენ ისინი ცრუ ინფორმაციას თუ რას აკეთებდნენ, ამ ყველაფერს გაეცემა პასუხი.
თქვენ უნდა ნერვიულობდეთ თქვენი პარტიის ლიდერზე, ჩვენ ვანო მერაბიშვილზე არ ვნერვიულობთ. გამოძიება მშვიდად წარიმართება და დაადგენს ყველაფერს.
მაგალითად, თეორიულად შეიძლება დადგეს ვანო მერაბიშვილის პასუხისმგებლობა, შოთა უტიაშვილის პასუხისმგებლობა... შსს-მ იცის, რომ ფხვნილს იყენებს და ფხვნილის შემცველობასთან დაკავშირებით 2007 წელს და 2009 წელს იქნა მიღებული გადაწყვეტილება"- თქვა კობახიძემ.
რაც შეეხება გომელაური პასუხისმგებლობას, კობახიძე ამბობს, რომ ვახტანგ გომელაურს მხოლოდ ფხვნილის დანიშნულება უნდა სცოდნოდა და ვერ გადაამოწმებდა 2007-2009 წლებში შეძენილ ფხვნილს.
"ვახტანგ გომელაურმა დაადასტურა ის, რომ ის ფხვნილი და სხვა საშუალებები, რომლებიც იქნა გამოყენებული, დიახ შეძენილი იქნა 2009 და 2007 წელს. ეს დაადასტურა გომელაურმა, ვახტანგ გომელაურს უნდა სცოდნოდა ფხვნილის დანიშნულება. ვახტანგ გომელაური არ არის ქიმიკოსი, რომ 2007 და 2009 წლებში შეძენილი ფხვნილი გადაემოწმებინა... სკანდალი ჩაიშალა, დანარჩენს გეტყვით სუსი"- ამბობს კობახიძე.
BBC ვრცელ სტატიას აქვეყნებს, რომელშიც წერია, რომ მათ მიერ მოპოვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ გასულ წელს საქართველოს ხელისუფლებამ ანტისახელისუფლებო დემონსტრაციების დასაშლელად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენა.
BBC-ის თანახმად, მათმა სამსახურმა ისაუბრა ქიმიური იარაღის ექსპერტებთან, საქართველოს საპოლიციო სპეცრაზმის ინფორმატორებთან და ექიმებთან და აღმოაჩინა, რომ არსებული მტკიცებულებები მიუთითებს ნივთიერების გამოყენებაზე, რომელსაც ფრანგული სამხედრო უწყება "კამიტეს" უწოდებდა - ეს ნივთიერება ბრომობენზილ ციანიდია, რომელიც მოკავშირეებმა პირველ მსოფლიო ომში გამოსაყენებლად შექმნეს.
სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, ქართულმა ოცნებამ განცხადება გაავრცელა და განაცხადა, რომ ის მათ წინააღმდეგ "ცრუ ბრალდებებს" შეიცავს. პარტია აცხადებს, რომ BBC-ის მიერ გავრცელებული "მძიმე და დაუდასტურებელი ბრალდებების" გამო, საერთაშორისო სასამართლოში სამართლებერივ დავას იწყებს.
მოგვიანებით, BBC-ის მიერ გავრცელებულ მასალაზე სუს-მა გამოძიება დაიწყო.
