ევროპარლამენტარები ევროკომისიას მიმართავენ და ითხოვენ გამოძიებას, რომლითაც დადგინდება, თუ რა ნივთიერება იქნა გამოყენებული საქართველოში აქციების დაშლის დროს.
ფორმულას ინფორმაციით, წერილს ხელს სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფიდან უკვე 20 ევროპარლამენტარი აწერს. ევროკომისიას ისინი პარასკევს მიმართავენ.
შესაბამისი ინიციატივა ევროპარლამენტარ მარკეტა გრეგოროვას ეკუთვნის. ევროპარლამენტარი საკითხის მოკვლევას ითხოვს.
გრეგოროვა აღნიშნავს, რომ თუ ქიმიური იარაღის გამოყენება დაადასტურდება, ეს იქნება ქიმიური იარაღის აკრძალვის კონვენციისა და საერთაშორისო ადამიანის უფლებათა სამართლის უხეში დარღვევა.
"მსურს ავხსნა, რატომ მივმართე ევროკომისიას წერილობითი შეკითხვით საქართველოსთან დაკავშირებით. BBC-ის საგამოძიებო რეპორტაჟებში გაჟღერდა ბრალდებები, რომ 2024 წლის ბოლოს თბილისში მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ შესაძლოა გამოყენებული ყოფილიყო ქიმიური იარაღი და რეპორტაჟებში პირდაპირაც კი არის აღნიშნული, რომ ეს ქიმიური შეტევა შეიძლებოდა ყოფილიყო.
ჩემი აზრით, თუ ეს დადასტურდება, ეს იქნება ქიმიური იარაღის აკრძალვის კონვენციისა და საერთაშორისო ადამიანის უფლებათა სამართლის უხეში დარღვევა. გარდა ამისა, ეს შეიძლება ყოფილიყო ქიმიური იარაღის პირველი გამოყენება პირველი მსოფლიო ომის შემდეგ. ასეთი სერიოზული ბრალდებების ფონზე, ჩემი პირადი შეფასებით, საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია საკმაოდ სუსტი იყო.
ვფიქრობ, რომ საჭიროა სათანადო გამოძიება, საჭიროა ოფიციალური მოკვლევა და მჯერა, რომ აუცილებელია სამართლიანობა იმ ქართველი მოქალაქეებისთვის, რომლებიც დაზარალდნენ. სწორედ ამიტომ ვიწყებ ამ საკითხზე შეკითხვას კომისიისადმი. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ბრალდებების დონეზეა და მეც შესაბამისად ვუდგები საკითხს. ვითხოვ, რომ კომისიამ ჩაატაროს გამოძიება, შეისწავლოს ეს საქმე"- ამბობს გრეგოროვა.
1 დეკემბერს BBC-მ გამოაქვეყნა ვრცელი სტატია. მათი თქმით, გამოცემის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ გასულ წელს საქართველოს ხელისუფლებამ ანტისახელისუფლებო დემონსტრაციების დასაშლელად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენა.
6 დეკემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ წყლის ჭავლში მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენებული ქიმიური ფხვნილი ქლორობენზილიდინ მალონონიტრილია.
