logo
ENG



კობახიძის თქმით, აშშ-ს საელჩოს განცხადება არასამართლიანია და უზუსტობებს შეიცავს

04 იან 202213:09
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ აშშ-ს საელჩოს კრიტიკული განცხადება არასამართლიანია და უზუსტობებს შეიცავს. საუბარია განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, მმართველმა პარტიამ ძირი გამოუთხარა მთავრობის ანგარიშვალდებულებას, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებით.

ბრიფინგზე, სადაც კრიტიკული მედიის წარმომადგენლები არ მიიწვიეს, კობახიძემ თქვა, რომ მსგავსი ტიპის განცხადებები არღვევს საზოგადოების ნდობას დასავლეთის მიმართ.

"ძალიან ხშირად ჩვენ ვიღებთ პარტნიორებისგან რჩევებს და ვითვალისწინებთ ხოლმე ამ რჩევებს. არის, სამწუხაროდ, ასეთი გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც ჩვენ ვისმენთ არასამართლიან და არასწორ შეფასებებს მათი მხრიდან. და ეს არის ამის მორიგი მაგალითი. სამწუხაროდ, ასეთი განცხადებები არყევს საზოგადოების ნდობას დასავლელი პარტნიორების მიმართ, რაც არ არის კარგი. ეს ჩვენ არ უნდა დავუშვათ. ჩვენ ვიცით, რომ არის ხოლმე ადამიანური შეცდომები, არასწორი ინფორმაცია და ა.შ., თუმცა საზოგადოებისთვის, სამწუხაროდ, ეს არ არის გამართლება და ახსნა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ბუნებრივია, რომ საზოგადოების სათანადო ინფორმირება მოვახდინოთ.

რაც შეეხება შინაარს, აქ არის არაერთი უზუსტობა. მთლიანობაში არის არასამართლიანი განცხადება, არის უზუსტობები, მათ შორის ფაქტობრივი უზუსტობები, ტექნიკური შეცდომები, რაც არის ძალიან სამწუხარო. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა უკავშირდებოდეს ადამიანურ შეცდომებს. მათ შორის, რომ საუბარია სამსახურის გაუქმებაზე, რაც არის არასწორი. არავითარი სამსახურის გაუქმება არ მომხდარა, მოხდა კონკრეტული სამსახურის გაყოფა", - თქვა კობახიძემ.

3 იანვრის განცხადებით აშშ-ს საელჩო მკაცრად აკრიტიკებს ქართულ ოცნებას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებისა და საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებების განხორციელების გამო, რაც განსხვავებული აზრის დასჯად შეაფასა. 

საელჩოს განცხადებით, გასულ კვირას მმართველმა პარტიამ ძირი გამოუთხარა მთავრობის ანგარიშვალდებულებას, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებით. საელჩოში აღნიშნავენ, რომ ქართულმა ოცნებამ ამასთან ზიანი მიაყენა ცალკეული მოსამართლის დამოუკიდებლობას საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებების განხორციელებით და შეასუსტა ნდობა სასამართლოს მიმართ უზენაესი სასამართლოს კიდევ ერთი მოსამართლის დანიშვნით, რაც შერჩევის ხარვეზიანი პროცესით განხორციელდა.

"განზრახ თუ უნებლიედ, მმართველი პარტიის გზავნილი იყო, რომ ხელისუფლების დამოუკიდებელ ზედამხედველობას ან განსხვავებულ აზრს, კანონით განსაზღვრულსაც კი, პასუხი გაეცემა სამაგიეროს გადახდით, დასჯითა და გათავისუფლებით", - აღნიშნულია განცახდებაში. 


close დახურვა