logo
ENG



კობახიძის თქმით, დღეს "ოცნების" პოლიტსაბჭო გაიმართება, დღესვე დანიელსონს ისევ შეხვდებიან

29 მარ 202114:42
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ევროპელ დიპლომატთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ ამბობს, რომ შეხვედრაზე სავარაუდო შეთანხმების რამდენიმე დეტალი განიხილეს. 

როგორც მან ჟურნალისტებს უთხრა, დღეს დანიელსონს კიდევ შეხვდებიან, ხვალ კი, სავარაუდოდ, დიალოგი საერთო ფორმატში გაგრძელდება.

"კრისტიან დანიელსონის მეორე ვიზიტი მეტყველებს იმაზე, რომ ინტერესი არის ძალიან დიდი საქართველოსა და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების მიმართ. ჩვენ გვქონდა კიდევ ერთი შეხვედრა დღეს, სადაც განვიხილეთ რამდენიმე დეტალი იმ სავარაუდო შეთანხმების, რომელზეც მიმდინარეობს დიალოგი და გაიმართება დღის განმავლობაში კიდევ შეხვედრები, ჩვენც გვექნება კიდევ ერთი შეხვედრა დღეს 6 საათზე და იქ გაგრძელდება ამ დეტალების განხილვა, ამის შემდეგ ხვალ უკვე, სავარაუდოდ, საერთო ფორმატში გაგრძელდება დიალოგი და დისკუსია...

რამდენიმე პუნქტს ეხებოდა [საუბარი], 6 პუნქტი იცით, რომელიც იყო თავის დროზე ჩამოთვლილი, ამ 6 პუნქტიდან 2-3-ს ეხებოდა ჩვენი საუბარი. ჩვენი პოზიციების გათვალისწინებით, გაგრძელდება დისკუსია ოპოზიციის მონაწილეობით და შემდეგ, ალბათ, ერთად დავსხდებით მაგიდის გარშემო", - თქვა კობახიძემ.

კობახიძის განცხადებით, რამდენიმე საკითხზე პოზიცია უკვე დააფიქსირეს, გარკვეულ საკითხებზე კი დამატებითი განხილვა ექნებათ, მათ შორის პოლიტსაბჭოს ფორმატში და პოზიციებს იქ შეაჯერებენ.

კრისტიან დანიელსონმა შეხვედრები დღეიდან დაიწყო. ის უკვე შეხვდა ინდივიდუალურად პრემიერმინისტრს, პრეზიდენტსა და ქართული ოცნების ლიდერებს. დანიელსონი დღესვე შეხვდება ნაციონალურ მოძრაობასა და რესპუბლიკელებს

შარლ მიშელის წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი საქართველოში უკვე მეორედ ჩამოვიდა. დანიელსონის თავდაპირველი ვიზიტი 12-დან 19 მარტამდე გრძელდებოდა, თუმცა მისი შუამავლობით გამართული შეხვედრები მხარეებს შორის შეთანხმებით არ დასრულებულა. 

ევროპულ საბჭოში საქართველოში ჩატარებული მისიის შესახებ ანგარიშის მოსმენის შემდეგ შარლ მიშელმა განაცხადა, რომ "მიღწეული პროგრესის" მიუხედავად, მისი წარმომადგენელი საქართველოში კვლავ დაბრუნდებოდა. 

ამ ეტაპზე ოპოზიციური პარტიები მოლაპარაკებების შესახებ აცხადებენ, რომ მათი მხრიდან კომპრომისი ვადამდელ არჩევნებსა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი - მათი თქმით, მმართველი პარტია ამ ორი საკვანძო საკითხის მიმართულებით რეალურ ნაბიჯებს ამ დრომდე არ დგამს. 

  • რა პოზიციებით შედიან პარტიები განახლებულ მოლაპარაკებებში, ნახეთ აქ

ხელისუფლების წარმომადგენლები კი დანიელსონის ვიზიტის შემდგომაც აცხადებენ, რომ მათი მხრიდან ვადამდელი არჩევნების საკითხზე კომპრომისს არ უნდა ველოდოთ. 


close დახურვა