ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მტკიცებით, ევროკავშირის ელჩებთან შეხვედრისას საუბარი "სუფთად საარჩევნო საკითხებს" შეეხო.
"ჩანაწერებზე და ა.შ. ასეთ საკითხებზე საუბარი არ ყოფილა, მხოლოდ არჩევნებზე დაისვა შეკითხვები. არც შარლ მიშელის დოკუმენტზე არ ყოფილა საუბარი", - თქვა კობახიძემ და აღნიშნა, რომ შეხვედრის დეტალებზე ვერ ისაუბრებს.
დღეს, 23 სექტემბერს ქართული ოცნების თავმჯდომარე და ოპოზიციის წარმომადგენლები ევროკავშირის ოფისში კარლ ჰარცელთან და წევრი ქვეყნების სხვა ელჩებთან შესახვედრად მივიდნენ.
22 სექტემბერს ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განცხადა, რომ საქართველოს ელჩი ვახტანგ მახარობლიშვილი ბრიუსელში განმარტებისთვის დაიბარეს. მას კითხვებს სუს-ის მოსმენების შესახებ დაუსვამენ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გაჟონილი ფაილების მიხედვით, საქართველოში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსაც უსმენენ, მათ შორის, კარლ ჰარცელსაც.
"თქვენ უკვე იცით ბრიუსელის რეაქცია მოსმენების შესახებ. ჩვენ ამას ძალიან სერიოზულად ვიღებთ, იმიტომ, რომ ეს კითხვებს აჩენს. იცით, რომ დიპლომატიურ ურთიერთობებს ვენის კონვენცია არეგულირებს. არ მივიჩნევთ ბუნებრივად, რომ ისეთი ახლო მეგობარი და პარტნიორი, როგორიც საქართველოა, ასეთ მოქმედებებშია ჩართული. ამ მიზეზით, გუშინ საქართველოს ელჩი ევროკავშირში შეხვედრაზე დაიბარეს ბრიუსელში, ევროკავშირის სათავო ოფისში, იმისთვის, რომ პოზიციები ყოფილიყო გარკვეული და შემდგომი სათანადო ნაბიჯები იქნას გადადგმული". - თქვა კარლ ჰარცელმა.
***
გავრცელებული ფაილებიდან ჩანს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები უსმენენ როგორც საელჩოების თანამშრომლებს, ისე უშუალოდ ელჩებს.