ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, დღეიდან კოვიდ სასტუმროში მყოფ ყველა და ბინაზე მყოფ პაციენტთა ნაწილს 3 სავალდებულო გამოკვლევა ჩაუტარდება.
როგორც ცერცვაძემ განმარტა, სამი სავალდებულო გამოკვლევიდან ერთი იქნება სისხლის საერთო ანალიზი, მეორე - D დიმერი და მესამე - სატურაციის განსაზღვრა.
"დღევანდელი სხდომა ეთმობოდა იმას, თუ როგორ გაუმჯობესდეს ბინაზე და კოვიდსასტუმროში პაციენტების მკურნალობა, რათა მინიმიზებული იქნეს ის რისკები, რაც იწვევს ბინაზე დატოვებულების გარდაცვალებას. პირველი - ყველა სასტუმროში დატოვებულ პაციენტს და ბინაში მყოფთა ნაწილს ჩაუტარდება სამი სავალდებულო გამოკვლევა: სისხლის საერთო ანალიზი, D დიმერი და სატურაციის განსაზღვრა. ეს შერჩევით დღესაც ტარდებოდა, მაგრამ დღეიდან იქნება სავალდებულო და სისტემური.
D დიმერის განსაზღვრა გაძლევს სიგნალს, პაციენტს აქვს თუ არა თრომბო ემბოლიური რისკი და შესაბამისი ჩარევით ეს გართულება თავიდან იქნება აცილებული. სისხლის ანალიზი გვაძლევს სურათს, რამდენად მძიმეა პროცესი და ხომ არ არის ბაქტერიული გართულება და მესამე სატურაციის განსაზღვრა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რაც მოგვცემს საშუალებას განვსაზღვროთ, რამდენად არის ის ჟანგბადზე დამოკიდებული - ასეთი პაციენტები არიან განსაკუთრებით რისკ-ჯგუფები", - განაცხადა ცერცვაძემ.
შეგახსენებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსის 2775 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ჩატარდა 13 049 PCR ტესტი. ბოლო 24 საათში, ვირუსით კიდევ 22 ადამიანი გარდაიცვალა.
რაც შეეხება იმ პაციენტებს ვინც სტაციონარში მკურნალობს, მათი რაოდენობა 4618-ს შეადგენს, ხოლო 2438 ადამიანი კოვიდ სასტუმროში იმყოფება.