NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ხავიერ კოლომინა აცხადებს, რომ ვილნიუსის სამიტზე საქართველოსგან მონაწილეობას საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე ელიან, თუმცა მისი თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
"ჩვენ ვწყვეტთ ჯერ კიდევ, თუ როგორ ჩატარდება სამიტი, ჩვენ ველით, რომ საქართველო მონაწილეობას მიიღებს სამიტზე საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე, ეს ძალზედ სავარაუდოა.
მადრიდში მონაწილეობდა პრემიერმინისტრი ღარიბაშვილი - ახლა კითხვა ისმის, ვინ დაესწრება სამიტს, ჩვენ ერთგულები ვართ საქართველოს მიმართ და ვიქნებით ერთგულები იმის მიუხედავად, ვინ დაესწრება სამიტს და ძალიან კარგი გადაწყვეტილება იქნება.
მე მინდა, რომ საქართველოს შესაბამისი წარმომადგენლობა ჰყავდეს, მას შემდეგ, რაც მადრიდში მივიღეთ გადაწყვეტილება და გვინდა, შევაფასოთ, როგორ ხორციელდება ეს გადაწყვეტილებები", - განაცხადა მან თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე [სინქრონული თარგმანი].
NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ხავიერ კოლომინა თბილისს დღეს ეწვია - ის შეხვდა როგორც ოპოზიციის წარმომადგენლებს, ასევე, პარლამენტის თავმჯდომარესა და პრეზიდენტს.
უსაფრთხოების გამოწვევებში NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილის ვიზიტის შემდეგ, კოლომინა თბილისს NATO-ს მხრიდან ბოლო დროს არაერთხელ დაფიქსირებული შეშფოთების ფონზე სტუმრობს. 5 აპრილს კოლომინამ განაცხადა, რომ არსებობს შეშფოთება საქართველოში რეფორმების გატარების ტემპთან და დონესთან დაკავშირებით.
როგორც კოლომინამ ფორმულასთან ინტერვიუში თქვა, მნიშვნელოვანია მთავრობამ გაატაროს რეფორმები, რაც საბოლოოდ გავლენას მოახდენს დეპოლარიზაციაზე. მან ასევე აღნიშნა, რომ რეფორმების გატარება როგორც მთავრობის, ასევე ოპოზიციის პასუხისმგებლობაა.