logo
ENG



კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ რამდენიმე პაციენტი გამოჯანმრთელდა

22 მარ 202022:13
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ რამდენიმე პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ „გიორგი თარგამაძის ფორმულაში“ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს ლუგარის ლაბორატორიიდან კიდევ 5 უარყოფითი პასუხი მიიღეს.

„ზოგადი მდგომარეობა ჯერჯერობით არ შეცვლილა, მაგრამ ბოლო დღეებში არის უფრო მატება ახალი შემთხვევების. იმედი მაქვს, მიღებული ღონისძიებები, შედეგს მოგვცემს. პირველი სასიხარულო ამბავი ის მინდა გითხრათ, რომ 2 პაციენტი დღეს კიდევ გავწერეთ. გარდა ამისა, ცოტა ხნის წინ მივიღეთ ინფორმაცია, რომ დაგვემატა ახალი გამოჯანმრთელებულები. შეიძლება ხვალ ყველა ვერ გავწეროთ, ალბათ რამდენიმე დატოვებს კლინიკას, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ დღეს მივიღეთ 5 უარყოფითი პასუხი“, - განაცხადა მარინა ენდელაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ერთ-ერთი პაციენტის მდგომარეობა, რომელიც უკვე გამოჯანმრთელდა, ინფიცირების პერიოდში ძალიან მძიმე იყო და არსებობდა რისკი, რომ შემთხვევა ფატალურად დამთავრებულიყო.

„ჩვენ ვაცხადებდით მაინც უფრო მსუბუქად, ისეთი სახით გვინდოდა მიგვეწოდებინა საზოგადოებისთვის, რომ საშინელი პანიკა და შიში არ დათესილიყო, მაგრამ ამ გამოჯანმრთელებულებში ერთ-ერთი ძალიან მძიმედ იყო, ძალიან გვეშინოდა, რომ ცუდი პროგნოზით დამთავრდებოდა. ახლაც გვყავს მძიმე პაციენტები, საყურადღებო, დინამიკაში დასაკვირვებელი. მოგეხსენებათ, მაგალითად გრიპის შემთხვევაში, სიმპტომები ყველაფერი ერთად ვლინდება, ამ ვირუსის შემთხვევაში ეს ასე არ არის, იწყება და დინამიკაში თანდათან მატულობს სიმტპომატიკა. შეიძლება ისე დამძიმდეს მსუბუქად დაწყებული პაციენტის მდგომარეობა, რომ ფატალური შედეგიც დადგეს“, - განაცხადა მარინა ენდელაძემ

შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, ინფიცირების 54 შემთხვევაა დაფიქსირებული. კარანტინის რეჟიმში 3254 მოქალაქეა, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 233.

 


close დახურვა