logo
ENG



კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა - მათ შორის ორი ბავშვია

29 მარ 202010:33
3 წუთის საკითხავი
 
4cfwqejgv151c4j.jpg

მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა. როგორც ინფექციური საავადმყოფოს მთავარი ექიმი აღნიშნავს, მათ შორის ორი ბავშვია.

„ჩვენთან გუშინ ორ ეტაპად გაკეთდა 14 ტესტირება და ყველასთან პასუხი იყო უარყოფითი. განმეორებითი პასუხებით ტესტირება უარყოფითია კიდევ ორთან - სულ გვყავს 18 გამოჯანმრთელებული, აქედან ორი ბავშვია", - განაცხადა ეზუგბაიამ.

თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების შესახებ მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, რომ ექვსივე მათგანი გორის ჰოსპიტალშია გადაყვანილი და არიან სამოქალაქო პირები, რომლებსაც სამსახურეობრივი მოვალეობების გამო ჰქონდათ ერთმანეთთან შეხება.

„რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს - ესენი არიან სამოქალაქო პირები. მიმდინარეობს პირველწყაროს მოძიება და ვერ ვიტყვით რა სიტუაციაა, ექვსივე გორშია გადაყვანილი და არაა მათი მდგომარეობა მძიმე", - ამბობს მარინა ეზუგბაია.

ინფექციურ კლინიკაში მყოფი ოთხი მძიმე პაციენტის მდგომარეობას მარინა ეზუგბაია აფასებს, როგორც სტაბილურს. მისი განმარტებით, ასაკოვან პაციენტთან შეინიშნება მდგომარეობის სტაბილიზაცია.

„ჩვენი კრიტიკული პაციენტების მდგომარეობა უცვლელია. მაღალი ასაკის მქონე პაციენტთან შეინიშნება სტაბილიზაცია და იმედია, ეს შენარჩუნდება. მეორე პაციენტის მდგომარეობა მკვეთრად არ გაუარესებულა. სულ ინფიცირებული 90 დადასტურებულიდან 46 ჩვენი პაციენტია, დანარჩენები 6 დაწესებულებაზე არიან განაწილებულნი", - განაცხადა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, რომ ამ დროის მონაცემებით კორონავირუსით ინფიცირების  90  შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 18 გამოჯანმრთელებულია. კარანტინში, ბოლო მონაცემებით, იმყოფება 4717 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 268.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, ხოლო ორ მუნიციპალიტეტში, მარნეულსა და ბოლნისში, კარანტინის რეჟიმი მოქმედებს.


close დახურვა