logo
ENG



კორონავირუსის გავრცელებამ მსოფლიოში კულტურული ღონისძიებების გრაფიკი შეცვალა

04 მარ 202020:38
3 წუთის საკითხავი
 

2020 წლის ერთ-ერთი მთავარი გასართობი ღონისძიების თარიღი შესაძლოა შეიცვალოს. ჯეიმს ბონდის ახალი ფილმი სამ აპრილს უნდა გამოვიდეს, თუმცა, მსოფლიო პრემიერის ზაფხულამდე გადადების თხოვნით კინოსტუდიას ცნობილი ჯაშუშის ისტორიის ფანების ორმა საიტმა მიმართა. ჯეიმს ბონდის თაყვანისმცემლები შიშობენ, რომ კორონავირუსის გამო აპრილში კინოთეატრები დახურული იქნება. 

ხელოვნების მოყვარულთათვის და პარიზში ჩასული ტურისტებისთვის ორი დღის განმავლობაში დახურული იყო ლუვრი. მიზეზი მუზეუმის თანამშრომლების უკმაყოფილება გახდა. მათი განცხადებით, ვიზიტორების მხრიდან ვირუსის გავრცელების საფრთხე არსებობდა. მსოფლიოს ყველაზე ცნობილი მუზეუმი, რომელსაც ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი სტუმრობს, დამთვალიერებლისთვის მხოლოდ რამდენიმე საათის წინ გაიხსნა. 

კორონავირუსის გავრცელებამ კულტურული ღონისძიებების გრაფიკიც შეცვალა. დღეს ცნობილი გახდა, რომ გაუქმდა ლონდონის წიგნის ბაზრობა, რომელიც 10-დან 12 მარტამდე უნდა ჩატარებულიყო. გუშინ კი ანალოგიური გადაწყვეტილება ლაიფციგის წიგნის ბაზრობის ორგანიზატორებმაც მიიღეს. ღონისძიებაში  ეროვნული სტენდით მეცხრედ უნდა წარმდგარიყო საქართველო.

კორონავირუსის თემას მიუძღვნა მორიგი აქცია ადამიანი ობობას სახელით ცნობილმა ფრანგმა ექსტრემალმა. ალან რობერმა დღეს ბარსელონაში 38-ტ სართულიანი ცათამბჯენი დაიპყრო და მსოფლიოს მოსახლეობას შიშის დამარცხებისკენ მოუწოდა. 144 მეტრის სიმაღლის შენობაზე ასვლას ექსტრემალმა 20 წუთი მოანდომა. აქციის შემდეგ ის ტრადიციულად სამართალდამცველებმა დააკავეს.

კორონავირუსის გავრცელების გამო გაუქმდა ჟენევის რიგით 90-ე ავტოშოუც, რომელიც ორი დღის წინ უნდა გახსნილიყო. ავტოსალონზე ახალი მოდელები 160-ზე მეტ კომპანიას უნდა წარედგინა. თუმცა შექმნილი ვითარების გამო ავტომწარმოებლებს პრეზენტაციების გამართვა ონლაინ რეჟიმში მოუწიათ.


close დახურვა