26 მაისის ქუჩაზე, სადაც კორპუსი ჩამოინგრა, ამ დრომდე მაშველები მუშაობენ და კორპუსის მცხოვრებლებს ნივთების გამოტანაში ეხმარებიან.
ლია შარაბიძე რამაზ დავლაძის 9 წლის ანასტასიას მასწავლებელია. მეოთხეკლასელს გაკვეთილი მეორე ცვლაში ეწყებოდა, ამიტომ დილით სახლში დარჩა.
"პანდემია რაც დაიწყო ბევრი ახლობელი დავკარგე. დღე არ გავა, რომ ვიღაცა არ დავიტირო, ცრემლი არ დავღვარო. ანასტასიას ტრაგედიამ წაშალა ყველა ის ტრაგედია, რაც აქამდე განმიცდია, ძალიან მძიმე იყო ჩვენთვის", - ამბობს გარდაცვლილი ბავშვის მასწავლებელი.
კიდევ უფრო მძიმე 8 ოქტომბრის შემდეგ ცხოვრება 12 წლის დათა შომახიას მასწავლებლისთვის გახდა. ერთი კვირის წინ მან ცხოვრებაში ყველაზე მძიმე გაკვეთილი ჩაატარა - გაკვეთილი, რომელსაც 12 წლის მოსწავლე ონლაინ, სახლიდან ესწრებოდა. კორპუსი სწორედ გაკვეთილის დროს ჩამოინგრა.
"მერე, როცა შევამოწმე თიმსის ჩამოტვირთული ფაილი მიჩვენებს 11:18:18 საათს. ბავშვი აღარ იყო გაკვეთილზე, სწორედ ეს 11:18:18 არის ნგრევის მომენტი", - ამბობს მასწავლებელი.
დათა შომახიას ხატვა უყვარდა. მის ერთ-ერთ ბოლო ნახატზე კი, რომელიც კორპუსთან კედელზეა გამოკრული, 12 წლის ბიჭს დედასთან ხელი აქვს ჩაჭიდებული - დედა შვილთან ერთად ნანგრევებში დაიღუპა. ნახატებთან მამა ყოველ დილით მიდის.
რამდენი სიცოცხლე შეიწირა 26 მაისის ქუჩაზე მომხდარმა ტრაგედიამ მხოლოდ ზვიად თავდგირიძემ არ იცის, ერთადერთი ადამიანმა, რომელიც ნგრევას გადაურჩა. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მეზობლებს ზვიადი ყოველ დღე კითხულობს.
"მას ძალიან უჭირს, ცრემლები სდის ამას რომ იხსენებს. ყავას ვსვამდი დივანზე, ხმა გავიგე და ჩავვარდიო. გონება არ დაუკარგავს, ვყვიროდიო და რკინის კონსტრუქციები იყო ჩემს გვერდით და იმას ვარტყამდი, რომ ხმა გაეგოთ და გადავერჩინეო. სულ მეზობლებს კითხულობს, თვითონ ჰგონია, რომ ნახევარი სახლია დანგრეული, ჩვენ არ ვეუბნებით რომ მსხვერპლია, ვეუბნებით რომ ყველა გადარჩა და არიან საავადმყოფოში", - ამბობს შაბათის ფორმულასთან ბათუმის ტრაგედიის დროს ერთერადერთი გადარჩენილი ადამიანის და.
ზვიადს სავარაუდოდ საავადმყოფოდან მალე გამოწერენ. ნგრევის შედეგად რამდენიმე ათეული ოჯახი დაზარალდა.