ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონის შეფასებით, ფინანსურ დახმარებაზე უარის თქმით, ხელისუფლებამ დაასწრო ევროკავშირს და საბოლოოდ, საქართველოს მოქალაქეები დაზიანდნენ. ამაზე მან ფორმულას ეთერში, "პოლიტიკის ფორმულაში" ისაუბრა.
კრამონის თქმით, ევროკავშირს რომ გამოეცხადებინა, როგორ არ შეასრულა ხელისუფლებამ რეფორმები, ქართულ ოცნებას არჩევნებამდე რეპუტაცია დაუზიანდებოდა.
"საქართველოს ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობის ადგილობრივი არჩევნები ელოდება. არ გამოიყურება კარგად მმართველი პარტიის შანსები. ევროკავშირს რომ გამოეცხადებინა, რომ არ იქნებოდა მეორე ტრანში, რადგან მთავრობამ ვერ შეასრულა კრიტერიუმი, რადგანაც მათ სრულიად შეგნებულად არ მოახდინეს სასამართლოს რეფორმირება, მაშინ მათ რეპუტაცია დაუზინდებოდათ. შესაბამისად დაასწო მთავრობამ [ევროკავშირს] და საკმაოდ გულუხვად განაცხადა რომ არ გვჭირდება. ამით დააზიანა საქართველოს მოქალაქეები. ეს ძალიან ცუდი გადაწყვეტილებაა. საუბარი არაა ევროკავშირზე, საუბარია საქართველოს მოქალაქეებზე".
მისივე განცხადებით, ბოლო დროს საქართველოს მთავრობა სრულად დაემშვიდობა რეფორმის დღის წესრიგს:
"ბოლო კვირებში და თვეებში საქართველოს მთავრობა სრულებით დაემშვიდობა რეფორმის დღის წესრიგს. უფრო და უფრო გამოიკვეთება ეს.
საქართველოს მთავრობამ უბრალოდ არ დაიცვა სექტემბერში მიღწეული ხელშეკრულება - ეს იყო სასამართლო რეფორმა და ეს არის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, რომლებიც უკვე დასახელებული არიან ყველა ხელშეკრულების დარღვევით, რომელსაც ხელი მოაწერა საქართველოს მთავრობამ. ეს არის ის წერტილი როცა უნდა ვთქვათ, რომ ძალიან შოკირებული ვართ".
ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებით, საქართველომ ვერ შეძლო მაკროფინანსური დახმარების პირობა სრულად შეესრულებინა. კერძოდ, საუბარია სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდაზე.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ფინანსური დახმარება კორონავირუსთან ბრძოლასა და საქართველოს მოსახლეობას უნდა მოხმარებოდა. ამასთან, ევროკავშირი ხელისუფლებას რეფორმებთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს და მიუთითებს მართლმსაჯულების რეფორმისკენ.
ირაკლი ღარიბაშვილმა 31 აგვისტოს თქვა, რომ ხელისუფლება "თავს შეიკავებს" ევროკავშირის 75 მილიონიანი დახმარების მიღებაზე.
ეს ევროკავშირის გაფრთხილებაზე ფინანსური დახმარების შესახებ ქართული ოცნების მიერ მოფიქრებული ახალი მესიჯბოქსია.
ღარიბაშვილის თქმით, EU ამ თანხას საქართველოს სესხის სახით აძლევდა, მთავრობამ კი "საგარეო ვალის შემცირება დაიწყო და თანხის მიღების აუცილებლობა აღარ იქნება".
გუშინ, 30 აგვისტოს ამ თემაზე ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემაც ისაუბრა. მან თქვა, რომ ევროკავშირის მიერ დახმარების სახით 75 მილიონი ევროს მიღებას ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს, ვინაიდან საქართველოს ბიუჯეტში, "მაღალი ეკონომიკური ზრდიდან გამომდინარე, ისედაც გროვდება დამატებით 1 მილიარდი ლარი".