logo
ENG



კრიტიკული მედიების წარმომადგენლები ამერიკის ელჩს ხვდებიან

18 მაი 202211:21
3 წუთის საკითხავი
 

კრიტიკული მედიების წარმომადგენლები ამერიკის ელჩს კელი დეგნანს ხვდებიან.

როგორც მთავარი არხის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი გაბუნიამ შეხვედრაზე შესვლამდე თქვა, მათ დეგნანთან კონკრეტული წინადადებები ექნებათ.

"ამერიკის ელჩი წარმოადგენს ჩვენთვის შეერთებულ შტატებს.ჩვენ გვინდა,რომ ამერიკა იყოს უფრო კატეგორიული, უფრო ქმედითი და არ შემოისაზღვროს მხოლოდ სიტყვებით, გამოიყენოს ყველა ბერკეტი. ჩვენ კონკრეტული წინადადებები გვაქვს, რომელსაც გავაცნობთ კელი დეგნანს - ამბობს გაბუნია.

ფორმულას გენერალური დირექტორის, ზუკა გუმბარიძის თქმით, შეხვედრაზე იმსჯელებენ იმ პრობლემებზე, რომელსაც ახლა საქართველოში დამოუკიდებელი მედია განიცდის.

"ჩვენ ვართ იმ მოვლენების მომსწრე, როდესაც მედია შედის კრიტიკულ ფაზაში და უნდა იბრძოლოს განვითარებისთვის, გადარჩენისთვის, რაც დღითიდღე უფრო და უფრო რთული ხდება. შესაბამისად, მსოფლიოში დემოკრატიის მთავარი დამცველის, ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია და მათი მხარდაჭერა იქნება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ვიმსჯელებთ კონკრეტულ საკითხებზეც. მთავარია ის, რომ მოვახერხოთ პოლიტპატიმარ ნიკა გვარამიას ციხიდან დახსნა"- თქვა გუმბარიძემ.

16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ მთავარი არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო და 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა

პროკურატურა მთავარი არხის დამფუძნებელს ნიკა გვარამიას ჯერ კიდევ რუსთავი 2-ის დირექტორობის დროს, ტელეკომპანიის კუთვნილი ქონების დიდი ოდენობით გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებას, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებოდა.


close დახურვა