ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი საქართველოს პარლამენტის მიერ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის პირველი მოსმენით მიღებას მიესალმება.
კუბილიუსი იმედს გამოთქვამს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტს დადებული შეთანხმება სრულად იქნება შესრულებული.
„მივესალმები საქართველოს საარჩევნო რეფორმის პირველ მოსმენით მიღებას 136 ხმით. იმედი მაქვს, რომ 8 მარტის შეთანხმება სრულად იქნება შესრულებული და ყველა ოპოზიციურ პარტიას ექნება შესაძლებლობა მიიღოს მონაწილეობა შემდეგ მოსმენებში. ეს არის დემოკრატიის განმტკიცების გზა საქართველოში პოლიტიკური პატიმრების გარეშე“, - წერს კუბილიუსი „ტვიტერში“.
შეგახსენებთ, პარლამენტმა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. პროექტის მომხრე 136 დეპუტატი იყო, 5 კი - წინააღმდეგი.