ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი აცხადებს, რომ საქართველოში ყველა მთავარმა პოლიტიკურმა ძალამ ერთობლივ შეთანხმებას უნდა მიაღწიოს.
როგორც კუბილიუსი Twitter-ზე წერს, შეთანხმება შეიძლება გახდეს მნიშვნელოვანი ეტაპი ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის თვალსაზრისით.
"საქართველოს პოლიტიკურმა ისტებლიშმენტმა, მათ შორის ყველა მთავარმა პოლიტიკურმა ძალამ უნდა მიაღწიოს ერთობლივ შეთანხმებას. ღია შეთანხმება შეიძლება გახდეს მნიშვნელოვანი ეტაპი ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის, ეროვნული სტრატეგიის გაფართოებული ფორმის სახით, რომელიც შესაძლოა მოიცავდეს საარჩევნო და მმართველობის რეფორმების საგზაო რუკას. ამ სულისკვეთებით საქართველოს მისწრაფება 2024 წლისთვის გააკეთოს განაცხადი წევრობაზე, პოზიტიური ნაბიჯია და საჭიროებს კონსოლიდირებულ, ეროვნულ, პოლიტიკურ ნებას", - წერს კუბილიუსი.
საქართველოში პოლიტიკური კრიზისი 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს მოჰყვა. ოპოზიცია არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და ოფიციალურ შედეგებს არ აღიარებს. ამ დრომდე ყველა ოპოზიციური პარტია უარს ამბობს პარლამენტში შესვლაზე.
კრიზისის ფონზე, დიპლომატიური კორპუსის ჩართულობით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ამ დრომდე მოლაპარაკების სამი რაუნდი გაიმართა. პარლამენტის შეკრების დრო ახლოვდება, თუმცა მოლაპარაკებები რაიმე კონკრეტულ შედეგამდე ჯერჯერობით არ მისულა. ოპოზიციის მოთხოვნა ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში ახალი არჩევნების ჩატარება და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაა. ხელისუფლება ამ დრომდე ამბობს, რომ რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას არ განიხილავს.
ოპოზიციამ ხელისუფლებას წერილობითი შეთავაზებაც გაუკეთა - ჩამოთვლილ საკითხებთან ერთად შეთავაზების ერთერთი პუნქტი 2021 წლის შემოდგომაზე რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შესახებ პლებისციტის ჩატარებაა.
შეთავაზებაზე, რომლის დოკუმენტიც ფორმულამ მოიპოვა, ვრცლად წაიკითხეთ აქ. სწორედ ეს შეთავაზება განიხილეს მოლაპარაკების მესამე რაუნდზე, რომელიც 7 დეკემბერს გაიმართა. შეხვედრის შემდეგ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა თქვეს, რომ გარკვეულ საკითხებზე მხარეების პოზიციები დაახლოვდა, თუმცა ზოგიერთ მთავარ საკითხზე ეს ვერ მოხერხდა.
შეხვედრიდან გამოსულმა არჩილ თალაკვაძემ, რომელიც, ირაკლი კობახიძესთან ერთად, მოლაპარაკებებზე ხელისუფლებას წარმოადგენდა, თქვა, რომ განმეორებით არჩევნებს ან პლებისციტს ქართული ოცნება არ განიხილავს. თუ ოპოზიციის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება და მათი ერთიანი ბოიკოტიც ძალაში დარჩა, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ერთპარტიული პარლამენტი შეიკრიბება.